მთავარიგადაცემებიEurope Decodedსაზღვრის კონტროლის ციფრული სისტემა კრიმინალებისა და უკანონო მიგრაციის გაკონტროლებას მოემსახურება

საზღვრის კონტროლის ციფრული სისტემა კრიმინალებისა და უკანონო მიგრაციის გაკონტროლებას მოემსახურება

ევროკავშირის საზღვრის კვეთისას, მათ, ვისაც არ აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნის პასპორტი, მალე სასაზღვრო კონტროლის ციფრული სისტემის გავლაც მოუწევთ, რომელიც მგზავრის შესახებ პირად ინფორმაციას მოითხოვს. მართალია, ეს ე.წ. შესვლა-გასვლის სისტემა უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება, თუმცა ის, სავარაუდოდ, უკანონო მიგრაციის პრევენციასაც შეძლებს.

ახალი რეგულაცია ეხება იმ მოგზაურებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები, ევროპაში დასასვენებლად ან საქმიანი ვიზიტით მიემგზავრებიან და იქ 90-იდან 180 დღის განმავლობაში აპირებენ დარჩენას. თუმცა ევროკავშირის ლიდერებს სურთ, დაიზღვიონ თავი, რათა  ასეთი მოგზაურები დათქმულ ვადაზე დიდხანს არ დარჩნენ და უკანონო მიგრანტებად არ იქცნენ. გარდა ამისა, ევროპის ლიდერები ირწმუნებიან, რომ ეს სისტემა დაეხმარებათ, უკეთ იპოვონ  როგორც კრიმინალის – კონკრეტულად ტრეფიკინგის –  მსხვერპლი, ისე  დამნაშავე და პოტენციური ტერორისტები. ამ რეგულაციის შემოღების გადაწყვეტილება 2015 წელს საფრანგეთში, 2016 წელს კი ბელგიაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ მიიღეს.

ევრონიუსის რეპორტიორი ვიჩენცო ჯენოვეზე ადევნებდა თვალყურს ამ რეგულაციის დინამიკას, რომლის ინიცირებაც 2017 წელს მოხდა. მაინც რატომ დასჭირდა ამდენი ხანი მის საბოლოოდ ძალაში შესვლას?

„როგორც ვხვდები, უფრო მისი ტექნიკური მომზადების საკითხი გაჭიანურდა, რადგან რეგულაცია შესვლა-გამოსვლის სისტემის შესახებ მისი ინიცირებიდან ერთი წლის თავზე უკვე შეთანხმებული იყო,“ – განმარტავს ვინჩენცო.  „მაგრამ მერე თითოეულ ქვეყანას, რომლებსაც ეხება ეს რეგულაცია, უნდა წარედგინა მზადყოფნის დეკლარაცია და ამას, ცხადია, დრო დასჭირდა. სისტემის შექმნას გარკვეული პერიოდი დასჭირდა. ეს სისტემა დაარეგისტრირებს ადამიანის სახელს, მისი მოგზაურობის დოკუმენტის ტიპს და ბიომეტრიულ მონაცემებს, როგორებიცაა თითების ანაბეჭდი და სახის ფოტო.“

ასევე შეამოწმებენ შესვლისა და გასვლის დროს. ეს რეგულაცია წარადგინეს, როგორც უსაფრთხოების განმტკიცების საშუალება, თუმცა ეს მიგრაციის კონტროლის მექანიზმიც იქნება.

„ეს ნამდვილად არის მიგრაციის კონტროლის მექანიზმი, ჩემი აზრით, რადგან ვიცით, რომ უკანონო მიგრანტების დიდი ნაწილი – თუ უმეტესობა არა, ევროკავშირში კანონიერი გზით შემოდის. ამ სისტემის საშუალებით ქვეყნის მთავრობა შეძლებს, შეამოწმოს, თუ როდის გაუვიდა ვადა პიროვნების ნებართვას,“ – ამბოსბ ვინჩენცო.

მას შემდეგ, რაც ევროკომისია გამოაცხადებს რეგულაციის ამოქმედების თარიღს, რომელიც, სავარაუდოდ, შემოდგომა იქნება,  კიდევ 6 თვე დასჭირდება საბოლოო ამოქმედებას.

„ევროპის კავშირის საბჭოს პოლონეთის პრეზიდენტობის დროს გადაწყდა, რომ ოქტომბერში ამოქმედდეს,“ – განმარტავს ვინჩენცო. „ქვეყნებს არჩევანი აქვთ. მათ შეუძლიათ, თანდათან აამოქმედონ ახალი სისტემა, შეუძლიათ ერთბაშად დანერგონ. ჩემი აზრით, ზოგი ქვეყანა უფრო სწრაფად აამოქმედებს, ზოგი  – გვიან, მაგრამ ამ ეტაპზე წინასწარ ვერ ვიტყვი, ვინ როგორ მოიქცევა. ასე მგონია, ამ წესის განხორციელება უფრო ადვილი აეროპორტებში იქნება, მაგალითად, და უფრო რთულად წავა საქმე სახმელეთო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.

ამ სისტემას ევროკავშირის 25 წევრი ქვეყანა დანერგავს, გამონაკლისი იქნებიან კვიპროსი და ირლანდია, რომლებიც განაგრძობენ პასპორტში ბეჭდის ხელით ჩარტყმას. ეს სისტემა შეეხება შენგენის ზონასთან ასოცირებულ ქვეყნებსაც – ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას. ამ სისტემაში შეყვანილი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება თითოეული წევრი ქვეყნის  საზღვრის მაკონტროლებელი ორგანოებისთვის, პოლიციისთვის და ევროპელისთვის, რომელიც ევროკავშირის სამართალდამცავთა თანამშრომლობის ორგანოა.

ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ არსებობს კიბერუსაფრთხოების რისკი. გრდა ამისა, შესაძლოა საზღვართან გაჩნდეს რიგები.

„ამ კანონის მიზანი ის არის, რომ შემცირდეს რიგები,  აეროპორტში ყოფნის დრო და სამაგიეროდ გაიზარდოს უსაფრთხოება,“ – განმარტავს პასუხად მომხსენებელი ახალი რეგულაციის საკითხზე ევროპარლამენტში ასიტა კანკო, რომელიც ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების პოლიტიკური ჯგუფის ბელგიელი წევრია. „ამ წესის თანდათან დანერგვა საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოს, რომ საკუთარ თავზე მორგებული ტემპით იაროს და დააკვირდეს, რამეს ხომ არ სჭირდება გამოსწორება ან დახვეწა. არსებობს სათადარიგო გეგმა საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიისთვის, რადგან ეს სამი ქვეყანაღა დარჩა, რომლებიც ჯერ კიდევ ემზადებიან. და ჩვენ ვაპირებთ, ვცადოთ მოლაპარაკება ევროპულ საბჭოსთან, რათა დავაზუსტოთ, კიდევ სად არის პრობლემა და როგორ უნდა გამოვასწოროთ.“

საინტერესოა, მაინც რა გავლენას იქონიებს ეს სისტემა საერთაშორისო დანაშაულის კონტროლზე.

„შესვლა-გასვლის სისტემის (EES) წყალობით, საშუალებას მივცემთ ჩვენს სამართალდამცავ აგენტებს, მიმდინარე რეჟიმში აკონტროლონ მონაცემები, რათა იპოვონ კრიმინალები,“ – ამბობს კანკო. „წარმოგიდგენიათ აგენტი, რომელიც ზის ქაღალდების გროვაში და ცდილობს, რამე იპოვოს? ამ დროს კრიმინალი უკვე შორს მიდის. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ კანონის ინიცირება რვა წლის წინ მოხდა, ბრიუსელში, ზავენტემსა და პარიზში ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. მაგრამ რვა წელი გავიდა და ისევ ვერ ვიცავთ ჩვენს მოქალაქეებს  ისეთი თავდასხმებისგან, როგორებიც მაშინ იყო იმიტომ, რომ არ დაგვინერგავს ჩვენი კანონი. ჩვენ გვაფიქრებს ასეთი საფრთხეები, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ტერორიზმთან ბრძოლისთვის.“

უკანონო მიგრაციაც მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან გვაქვს ეს უკანონო მიგრაცია და შესაძლოა, არსებობდეს რისკი იმისა, რომ შეიზღუდოს იმ თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები, რომლებსაც არ შეუძლიათ დაემორჩილონ ბიუროკრატიულ პროცედურებს, რადგან გარბიან სხვა ქვეყანაში, რათა თავი დაიცვან.

„ჩემი აზრით, ამ კანონის არსი არის ევროპელი მოქალაქეებისა და ჩვენი ქალაქების დაცვა ტერორისტებისაგან, რათა დავრწმუნდეთ, რომ თუ ვინმეს ავი განზრახვა აქვს, ან თუ ვინმეს მონაცემები არ არის ზუსტი, ვერ გადმოკვეთოს საზღვარი“, – განმარტავს კანკო. „თუმცა ვაღიარებ, რომ თავშესაფრის მაძიებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოება. თუ ადამიანს დაცვა სჭირდება, ამისთვის, რასაკვირველია, უკვე არსებობს შესაბამისი პროცედურები. და წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან, დაიცვან ეს პროცედურები და გააანალიზონ თითოეული შემთხვევა.“

საზღვრების დაცვა ახალ წესთან ერთად მომავალ წელსაც პრიორიტეტული იქნება. ევროპაში სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა გავრცელდება 59 ქვეყანაზე, რომლებსაც უვიზო მიმოსვლა აქვთ. მათ მოქალაქეებს მოუწევთ ონლაინ ავტორიზაციის გავლა და გადასახადის გადახდა ისეთივე სქემის მიხედვით, რომელიც მოქმედებს გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხალხი სულ უფრო ხშირად მოგზაურობს, თუმცა მათ  მეტი სასაზღვრო კონტროლის გავლაც მოუწევთ.

ავტორი: იზაბელ მარკეს და სილვა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend