მოთხოვნების გრძელ სიაზე მუშაობა კრემლს ჯერ არ დაუსრულებია. კიევი და ვაშინგტონი ისევ მოსკოვის მოლოდინში არიან. რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, რომ დოკუმენტი დღის შუქს მალე იხილავს, თუმცა საჯაროდ მისი შინაარსის განხილვას არ აპირებენ.
მიუხედავად ამისა, სააგენტო Reuters-ი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ 3 ანონიმურ წყაროს ესაუბრა რუსეთიდან. ისინი პირობების ნაწილზე ღიად საუბრობენ.
უკრაინის ნეიტრალიტეტისა და რუსეთის სანქციების გაუქმების გარდა, ომის დასრულებისთვის ვლადიმერ პუტინის მთავარი მოთხოვნა იმის წერილობითი დასტურია, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება. ეს კი უკრაინასთან ერთად საქართველოს, მოლდოვასა და პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა სახელმწიფოებს ეხებათ.
“უკრაინის ნეიტრალური, უბლოკო და არაბირთვული სტატუსი საზეიმოდ იქნა გახმოვანებული ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, 1991 წელს. სწორედ ეს სამუდამო ვალდებულება გახდა უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის აღიარების საფუძველი, როგორც რუსეთის, ისე საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრების მხრიდან. ამ ვალდებულებასთან დაბრუნება,რასაც ნაცისტური რეჟიმი ეწინააღმდეგება, რუსეთის მთავარ მოთხოვნად რჩება,რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს დარეგულირების ნებისმიერ ჩარჩოში. ეს საკითხი 2024 წლის აპრილში, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებაზეც ითქვა. თუმცა ანგლოსაქსებმა და რუსეთის წინააღმდეგ ომის სხვა ორგანიზატორებმა ეს ჩაშალეს”, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.
სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ უკრაინასთან შემდეგი მოლაპარაკებების თარიღს კრემლიდან მალე გაახმოვანებენ. მოლაპარაკებების ადგილზე კი მხარეები კვლავ დავობენ. ამაზე ირონია არ დაუმალავს ბერლინში ვიზიტით მყოფ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომლისთვისაც გაუგებარია, რატომ სურს რუსეთს მოლაპარაკებები ნატოს წევრ თურქეთში და არა ნეიტრალურ ჟენევაში. თუმცა ყველა თანხმდება, რომ ადგილზე მეტად მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების შინაარსია.
“ჩვენ ველოდით რუსეთს, რათა გაეხმოვანებინათ მათი დღის წესრიგი და ის, თუ რა სურთ. ტყვეთა გაცვლის შემდეგ მათ თქვეს, რომ იქნებოდა მემორანდუმი, არ ვიცი კიდევ რა იდეით გამოვლენ. ჩვენი მხარე დაეკონტაქტა რუსებს. კერძოდ თავდაცვის მინისტრმა დაურეკა მომლაპარაკებელ მედინსკის. მათ თქვეს, რომ რამე იქნებოდა, მაგრამ არაფერი მიგვიღია. ვკითხეთ აშშ-საც, თქვეს რომ ისინიც ელოდებიან. ყველა რუსეთის მოლოდინშია. ეს ყველაფერი პუტინს ეხება, და მის სურვილს რომ პროცესი გააჭიანუროს. ისინი გამუდმებით ეძებენ მიზეზს,რათა გააჭიანურონ ფორმატი რომელსაც ომის დასრულება შეუძლია”,- აღნიშნა ბერლინში ვიზიტით მყოფმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გერმანელ პარტნიორთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მან შეიტყო რომ ბერლინი კიევს დამატებით 5 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.
ფრიდრიხ მერცმა გრძელ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, უკრაინას ისიც უთხრა,რომ ქვეყანას გრძელ მანძილზე მოქმედი იარაღისა და დრონების დამოუკიდებელ წარმოებაშიც დაეხმარება.
ხელშეკრულებებს ხელი უკვე მოეწერა. მერცი თვლის, რომ მოლაპარაკებების პროცესში პუტინის არასწორი ნაბიჯების შემდეგ დასავლეთს ყველანაირი ლეგიტიმური მიზეზი აქვს კიევს დაეხმაროს.
“დღეს ჩვენი თავდაცვის მინისტრები ხელს აწერენ დეკლარაციას, რომელიც ხელს შეუწყობს შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების წარმოებას უკრაინაში. ეს უკრაინას დაეხმარება დაიცვას თავი სრულად, მათ შორის იმ სამხედრო სამიზნეებისგან,რომელიც მისი ტერიტორიის მიღმა არსებობს. ჩვენ არათუ გავაგრძელებთ, არამედ გავაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე, რათა კრემლის სამხედრო მანქანა შევასუსტოთ. ვიმედოვნებთ რომ რუსეთი გააზრებს მოლაპარაკებათა მაგიდასთან მისვლის, ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მნიშვნელობას. თუ ამას არ აკეთებენ, ამით მხოლოდ იმას დაამტკიცებენ,რომ სერიოზული განზრახვები არ აქვთ და სურთ გააგრძელონ ომი”,- თქვა იმაზე პრეს-კონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
გერმანიაში განხილვის თემა იყო ევროკავშირის მე-18 სასანქციო პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. ეს იმ ფონზე,როდესაც აშშ-ს სენატში სულ უფრო მეტი კანონმდებელია მომხრე რუსეთს სანქციები ვაშინგტონმაც დაუწესოს. ამის შესახებ განხილვები მიმდინარეობს თეთრ სახლშიც, სადაც კრემლის მიმართ რიტორიკა შეცვლილია. ამას აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო განცხადებაც მოწმობს.
„ვლადიმერ პუტინს არ ესმის, რომ მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა, მე ვგულისხმობ, ძალიან ცუდი რამ. ის ცეცხლს ეთამაშება”, – დაწერა საკუთარ სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა დღეს გამოთქვა მზაობა ერთდროულად შეხვდეს, როგორც აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ისე მედიატორი ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. თუმცა მოსკოვში თვლიან, რომ ამგვარი შეხვედრა იმ მოლაპარაკებების შედეგი უნდა გახდეს, რომელსაც მათი დიპლომატიური დელეგაციები მართავენ.
