გადადებული მშვიდობა მოსკოვს შესაძლოა ძვირი დაუჯდეს. ვაშინგტონმა რიტორიკა შეცვალა და რუსეთის მისამართით სანქციებზეც ალაპარაკდა. გავლენიანი დასავლური გამოცემები სავარაუდო თარიღად მიმდინარე კვირას ასახელებენ. წერენ, რომ თეთრი სახლი კრემლზე ზეწოლის გზებზე აქტიურად მუშაობს.
ამაში ეჭვის შეტანა უჭირთ მათ, ვინც დონალდ ტრამპის ბოლო განცხადება მოისმინა. გაცხარებული მოლაპარაკებების პროცესში უკრაინაზე გაზრდილი შეტევის გამო აშშ-ის პრეზიდენტს ბრაზი არ დაუმალავს. მეტიც, ტრამპმა პუტინს შეშლილიც კი უწოდა. მოსკოვში ცდილობენ, ეს ემოციებს მიაწერონ.
„პრეზიდენტი ტრამპი ის ადამიანია, რომელსაც სურს შედეგი და როდესაც ხედავს, რომ მის სამშვიდობო მცდელობებს ევროპელი წარმომადგენლების ჯგუფი საბოტაჟს უწევს, ასევე ისინი უბიძგებენ უკრაინას სრულიად უგუნური ქმედებებისკენ, მათ შორის მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვერტმფრენზე თავდასხმისკენ – რა თქმა უნდა, მას შეიძლება გაუჩნდეს გარკვეული ემოცია, როგორც ადამიანს, რომელსაც არ უყვარს დაბრკოლებები მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მას უჩნდება გარკვეული შეფასებები და რიტორიკა. აქ რიტორიკაზე მეტად ისაა მნიშვნელოვანი, რომ ევროპამ შეაჩეროს სამშვიდობო პროცესის საბოტაჟი. ამ პროცესს მხარს უჭერს აშშ, თურქეთი და თავად რუსეთი. გუშინ პრეზიდენტმა პუტინმა ხაზი გაუსვა ჩვენს მზაობას, რომ მემორანდუმების გაცვლის შემდეგ აღვადგინოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასთან”, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
სამშვიდობო მემორანდუმებზე მუშაობა კიევმა უკვე დაასრულა და პირობების სია ვაშინგტონს გადასცა. მოსკოვი ჯერ ისევ წერს. შეთანხმების მიხედვით, ამ დოკუმენტებით კონფლიქტის დარეგულირებაში რუსეთმა თავისი, უკრაინამ კი თავისი ვერსია უნდა წარმოადგინოს. ამ პროცესის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი ევროპა, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ მოსკოვი დროს აჭიანურებს და მშვიდობა მის გეგმებში არ შედის. სწორედ ამიტომ, ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, პარიზის, ლონდონისა და ვაშინგტონის მსგავსად შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე აქამდე არსებული შეზღუდვები უკრაინისთვის მოხსნას, რაც იმას ნიშნავს, რომ კიევს ამიერიდან შეეძლება რუსულ სამიზნეებს ღრმად, უფრო ეფექტურად დაარტყას.
„როგორც წესი, ომი სრულდება რომელიმე მხარის ეკონომიკური ან სამხედრო გამოფიტვის შედეგად, ამ ომში ჩანს, რომ შორს ვართ ამგვარი მოცემულობისგან. ამრიგად, ჩვენ სავარაუდოდ მოგვიწევს მოვემზადოთ უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის. როგორც უკვე ვთქვი, ქვეყნების ნაწილმა მოხსნა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე დაწესებული შეზღუდვები, შესაბამისად, უკრაინას აქვს უფლება გამოიყენოს ამგვარი შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც მხარეს მხოლოდ შეტევების მოგერიება უწევს, ვერ იცავს თავს ადეკვატურად. აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმის შესაძლებლობა კი სხვა საქმეა”, – ამბობს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.
„რუსეთის პრეზიდენტისთვის არაერთი შეთავაზება და შესაძლებლობა იყო მოლაპარაკებათა მაგიდაზე მისასვლელად. მან ისინი უარყო. ჩვენ კი ყოველთვის ცხადად ვამბობდით, რომ ამას მოჰყვებოდა შედეგები. ეს ნიშნავს, რომ ევროპული ჩარჩოს ფარგლებში ჩვენ მოვილაპარაკებთ სანქციებზე. ამას განვიხილავთ ამერიკელებთან ერთად და ჩვენ, რაღა თქმა უნდა, გავაგრძელებთ უკრაინის სამხედრო დახმარებას, რათა რუსეთის აგრესიისგან თავი დაიცვან. ჩვენ არ მივცემთ ბატონ პუტინს შესაძლებლობას, იცოდეს, თუ ზუსტად რას ვაპირებთ ამ მხრივ”, – აღნიშნავს იოჰან ვადეპული, გერმანიის პირველი დიპლომატი.
ეს განცხადებები მოსკოვისთვის არაკომპეტენტურობაა, კიევისთვის კი ზუსტად ის, რისი მოსმენაც დიდი ხანია სურდა. ვოლოდიმირ ზელენსკის ხვალ ბერლინში ახალი კანცლერი პირადად შეხვდება და სამხედრო დახმარების გარდა რუსეთისთვის გამზადებულ მე-18 სასანქციო პაკეტზეც დაელაპარაკება.
„ახალი ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – აშშ-დან, ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან – იქნება გარანტირებული იძულება რუსეთისთვის არა მხოლოდ ცეცხლის შესაწყვეტად, არამედ იძულება პატივისცემისთვის. პუტინმა უნდა დაიწყოს მათი პატივისცემა, ვისაც ელაპარაკება. ჯერჯერობით ის მხოლოდ თამაშობს დიპლომატიითა და დიპლომატებით. 900-ზე მეტი დრონი უკრაინაზე 3 დღის მანძილზე, ამას დამატებული ბალისტიკა, ფრთოსანი რაკეტები – ამ ყველაფერს არ აქვს არანაირი სამხედრო ახსნა, ესაა აშკარა პოლიტიკური არჩევანი – პუტინის არჩევანი, რუსეთის არჩევანი, გააგრძელონ ომი და გაანადგურონ სიცოცხლე. ჩვენი დაზვერვის ინფორმაციითა და სხვა ღია წყაროებით ვხედავთ, რომ პუტინი არ გეგმავს ომის დასრულებას”, – აღნიშნა მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ, უცნობია, როდის შედგება მორიგი შეხვედრა ომში მყოფი ქვეყნების დიპლომატებს შორის. რუსეთიდან კიევში მიმავალი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ ანკარა მედიატორის როლით კვლავაც დაინტერესებულა. ჯერჯერობით მოლაპარაკებების ერთადერთი შედეგი რუსეთსა და უკრაინას შორის გაცვლილი 1000-1000 სამხედრო ტყვეა.
