რა ხდებოდა თბილისში 107 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს და როგორ ხვდებოდა ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის გამოცხადებას – ევრონიუს ჯორჯიამ გადაიღო ის შენობები, რომლებიც გასაბჭოებამდე პირველი რესპუბლიკის არსებობის ხანმოკლე პერიოდს უკავშირდება.
„ეს შენობა მრავალი თვალსაზრისით არის სიმბოლური, თუმცა თავის დროზე აშენდა, როგორც კავკასიის მეფისნაცვლის, რუსი მმართველის სასახლე, მაგრამ ამ შენობაში მოხდა ის ისტორიული ამბავიც, როგორიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. 1918 წლის 26 მაისს, ნოე ჟორდანიამ, საღამოს 5 საათსა და 10 წუთზე გამოაცხადა დამოუკიდებლობა და წაიკითხა დამოუკიდებლობის აქტი”, – ჰყვება ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე პირველი რესპუბლიკის დაფუძნების მოკლე ისტორიას გვიყვება იმ შენობასთან, სადაც 107 წლის წინ საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ისტორიკოსი აღწერს იმ საზოგადოებრივ განწყობებს, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოში ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს უკავშირდება.
„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა“, – ვკითხულობთ 1918 წლის 26 მაისით დათარიღებულ დოკუმენტში, რომელსაც ხელს ეროვნული საბჭოს 88 დეპუტატი აწერს.
„ატმოსფერო იყო ორგვარი – ერთი მხრივ, ეს იყო ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების ატმოსფერო და მეორე მხრივ, ეშინოდათ, რა იქნება ხვალ – დაგვიცავს გერმანია? ოსმალეთი კარზეა უკვე მომდგარი… იყო სიხარული და გაურკვევლობა. კინემატოგრაფიულად რომ აღვადგინოთ ეს დღე, ალბათ მაინც არის ვლასა მგელაძის ამბავი, რომელიც იყო სოციალ-დემოკრატი, მებრძოლი ადამიანი… როდესაც ნოე ჟორდანიამ წაიკითხა დამოუკიდებლობის აქტი და შემდეგ გადმოდგა აი, აქ, აივანზე და შეკრებილ ხალხსაც გააცნო ეს აქტი, ვლასა მგელაძემ აირბინა მამა დავითზე და ილიას საფლავს ჩასძახა, მიულოცა: გიხაროდეს, საქართველო დამოუკიდებელიაო. ეს არის ალბათ ამ დღის ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი”, – ამბობს სილაქაძე.
ვლასა მგელაძის მიერ მამადავითზე ასვლის ამბავი აღწერილია ისტორიულ-სამეცნიერო გამოცემაში „ბედი ქართლისა“.
„1918 წელი, მაისის 26. ცხადდება აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა. ზეიმი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, ერთი მოზეიმე მირბის „მამა დავითისკენ“, ექსტაზით აყვანილი და აელვარებული, უახლოვდება სალოცავს. ავარდება სამრეკლოზე და ზარების რეკვით ამცნევს სამშობლოს: აღსდგა საქართველო! მე არ მეგულვება არც ერთს უნივერსალურ ეპოსში მამულიშვილური აქტი, ეგზომ აყვანილი მითურ სიმაღლემდე. ყველამ იცის, ვინ იყო ეს მოზეიმე: ვლასა მგელაძე“, – წერს გიორგი ყიფიანი.
ხანმოკლე დამოუკიდებლობის საზეიმო აღნიშვნის რამდენიმე კადრი ასახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-21 წლების კინოქრონიკაში, რომელიც ეროვნულ არქივშია დაცული.
კიდევ ერთი შენობა, რომელიც რუსთაველის გამზირიდან რამდენიმე მეტრში, ლაღიძის ქუჩაზე მდებარეობს, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე განვითარებულ ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება.
„თითქმის არავინ იცის ამ შენობის მნიშვნელობა და ის მოვლენაც დავიწყებულია, რომელიც ამ შენობას უკავშირდება. ამბავი ეხება გლობალურ ცვლილებას – რუსეთს იმპერიის დასასრულს, ცარიზმის დამხობას, რომელმაც გახსნა შესაძლებლობა დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის – იგულისხმება თებერვლის რევოლუცია… იმ თაობის ყველა ადამიანმა, ვისაც ჰქონდა იმ პერიოდის მოვლენების მეხსიერება, კარგად იცოდა ფრაზა – მთავრობაძე გარდაიცვალა“, – ამბობს სოვლაბის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი.
მკვლევარი საუბრობს მოსკოვიდან გამოგზავნილ დაშიფრულ დეპეშაზე, რომელიც ახალგაზრდა ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა თებერვლის რევოლუციიდან რამდენიმე დღეში გამოგზავნეს თბილისში. ეს იყო ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის იატაკქვეშეთისთვის განკუთვნილი ფარული შეტყობინება იმის შესახებ, რომ რუსეთში რევოლუცია მოხდა და ცარიზმი დაემხო.
„„აქ გამოიცემოდა სოციალ-დემოკრატიული, ძალიან პოპულარული გაზეთი – თანამედროვე აზრი“ – ამ შენობაში იყო მთლიანად რედაქციაც და სტამბაც და ამ რედაქციის მისამართზე გამოგზავნეს ის ცნობილი დეპეშა, რითაც გვერდი აუარეს რუსულ სამხედრო ცენზურას. და შეატყობინეს თანამოაზრეებს, რომ მეფე გადადგა და ძალაუფლება აიღო დროებითმა მთავრობამ. ამ ახალგაზრდებმა, რომლებიც არიან სტუდენტები მოსკოვში და პარალელურად არიან არმიის რეზერვში – ამზადებენ მათ როგორც ოფიცრებს, რევოლუციის შესახებ გაიგეს და მოიფიქრეს, როგორ შეიძლება, რომ სწრაფად შეატყობინონ თბილისს ამის შესახებ. წავიდნენ ფოსტის განყოფილებაში და ეს დეპეშა გამოგზავნეს იმ გათვლით, რომ რუსი ფოსტის მოხელე ვერ მიხვდებოდა, რომ მთავრობაძე არ არის ქართული გვარი.
ეს ლეგენდარულ დეპეშა მოვიდა იმავე საღამოს და როგორც ბომბი ისე აფეთქდა. თვითონ დეპეშა ტექსტურად როგორი იყო ამის თქმის საშუალებას გვაძლევს მხოლოდ სატირულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახში“ დაბეჭდილი პამფლეტი – „ამა და ამ დღეს საღამოს პეტროგრადში უშფოთველად გარდაიცვალა მოქალაქე მთავრობაძე – შეატყობინეთ ახლობლებსა და ნათესავებს“ – მოკლედ ტიპური სამგლოვიარო დეპეშაა, დაშიფრული შინაარსით, რომ ცარისტული მთავრობა აღარ არსებობს”, – ამბობს ხვადაგიანი.
მესამე შენობა, რომელიც პირველი რესპუბლიკის უმნიშვნელოვანეს მეხსიერებას ინახავს, დღევანდელი ოპერის, მეოცე საუკუნის დასაწყისში კი – სახაზინო თეატრია. 1917 წლის ნოემბრის ბოლოს, სულ რამდენიმე თვეში თებერვლის რევოლუციიდან, აქ პირველი ეროვნული ყრილობა ჩატარდა. ეს ისტორიული მოვლენა, 2018 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპირობად იქცა.
„დღევანდელი ოპერის თეატრი დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი დემოკრატიულ რესპუბლიკის დაფუძნების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოვლენის მასპინძელი შენობა – ეს არის საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რევოლუციიდან მალევე დაფუძნებული ინტერპარტიული საბჭო – ქართულ პარტიათა შორის საკოორდინაციო რგოლი იწყებს ეროვნული ყრილობის მომზადებას, რომ გაჩნდეს ორგანო, რომელიც ლაპარაკობს ქართველი ერის სახელით.
ყრილობის დელეგატები უნდა იყვნენ ყველა პარტიის წარმომადგენლები, რევოლუციური ორგანოების წარმომადგენლები, საქალაქო თვითმმართველობების წარმომადგენლები, ქართული უმცირესობების წარმომადგენლები – ქართველი მუსლიმებისა და ქართველი ებრაელების, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების – დღევანდელი გაგებით არასამთავრობო ორგანიზაციების, ჯამში 300-ზე მეტი დელეგატი იკრიბება აქ, სახაზინო თეატრში – მართავს სესიებს, სადაც მიმდინარეობს დისკუსია ეროვნულ პროგრამაზე და ეროვნული ყრილობა ირჩევს საქართველოს ეროვნულ საბჭოს – თავისი აღმასრულებელი ორგანოთი – ეს არის დიდი კონსენსუსი ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომ უკვე არსებობს ინსტიტუტი, რომელიც ლაპარაკობს ქართველი ერის სახელით.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უკავშირდება ეროვნულ ყრილობას, ეს არის სიმბოლო – დროშა – ეს დროშა შემუშავდა ისტორიკოსებისა და იაკობ ნიკოლაძის ერთობლივი მუშაობის შედეგად და ყრილობამდე უკვე იყო ქუჩაში რამდენიმე ღონისძიებაზე გამოფენილი – ხალხს ჰქონდა ნანახი. სწორედ ეს დროშა წარმოადგინეს დარბაზში და გადმოფენილი იყო ფასადზეც”, – ამბობს ხვადაგიანი.
„ქართველი ერი ამისთვის ემზადებოდა დიდი ხნის განმავლობაში, შესაბამისი მომენტი სწორად გამოიყენეს. ყველაფერთან ერთად ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც მაშინ პოლიტიკურ კლასს წარმოადგენდა, იყო ძალიან მაღალი დონის, თუნდაც, ის რად ღირს, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში – იმ ხუთეულში შედიოდა, სადაც ქალისა და მამაკაცის უფლებები იყო თანასწორი. ქალები იყვნენ დამფუძნებელი კრების დეპუტატებიც, ჰქონდათ ხმის უფლებაც და არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც.
ასევე ამ სივრცეში რევოლუციური ამბავი იყო საყოველთაო განათლება – მართალია, რესპუბლიკის არსებობის სამ წელიწადში მოასწრეს მხოლოდ მოსწავლეთა რაოდენობის გაორმაგება და კონსტიტუციის დონეზე ჩაიწერა, რომ დაწყებითი განათლება უნდა ყოფილიყო საყოველთაო, მაგრამ პირველი რესპუბლიკის ეს ხანმოკლე გამოცდილებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც შემდეგ გარედან მოხვეულმა 70-წლიანმა საბჭოთა ექსპერიმენტმა ჩვენი მეხსიერებიდან წაშალა”, – ამბობს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.
