მთავარისაქართველოსამენოვანი თოჯინების თეატრი მარნეულში

სამენოვანი თოჯინების თეატრი მარნეულში

ეს მეზღაპრე არმენ ოგანესიანის სამყაროა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში არმენ ოგანესიანს არტსტუდია და თოჯინების თეატრი აქვს გახსნილი. თოჯინების მუზეუმი, მასტერკლასების სტუდია და თოჯინების თეატრი ერთ სივრცეშია მოწყობილი. სპექტაკლების სცენარისტი, რეჟისორი და შემსრულებელი თავად არმენია.

„ეს არის ერთი მსახიობის თეატრი. ასე გამოვიდა იმიტომ, რომ სცენარები ჩემია, თოჯინები ჩემია, დეკორაციებიც ჩემია. რაც თეატრში ხდება,  ერთი ადამიანის შექმნილია. ეს არის თეატრი, რომელსაც არ აქვს ჩარჩოები. აქ დირექტორი არავინაა. არავინ არავის უფროსია. აქ ჩვენ ვართ. მე და თოჯინები. ყველა თანასწორი ვართ“, – ამბობს არმენ ოგანესიანი.

ყველაფერი კი 6 წლის წინ რამდენიმე თოჯინითა და მოძრავი თეატრით დაიწყო.

„ეს ყველაფერი ჩემოდნით დაიწყო. თეატრი ერთი ჩემოდნით. ერთი სპექტაკლით, რომელიც ერთ ჩემოდანში ეტეოდა. მერე ჩემს ოთახში ვდგამდი წარმოდგენებს და ვიღებდი სტუმრებს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან უხერხული იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა“, – ამბობს არმენ ოგანესიანი.

2023 წელს არმენს ოთახში მოწყობილ თეატრში ეწვია ნიდერლანდების ელჩი, რომლის ინიციატივითა და მარნეულის კულტურის ცენტრთან თანამშრომლობით არმენმა სამენოვანი სპექტაკლი „აისია“ დადგა. სპექტაკლის მიზანი იყო,  მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ ბავშვებს თეატრის მეშვეობით საერთო ენა გამოენახათ. პროექტის ფარგლებში არმენმა არტსტუდია მოაწყო.

„მთავარი ის არის, რომ სპექტაკლის სიუჟეტი რეგიონის ამბებზე იყო. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველო, განსაკუთრებით მარნეული, ძალიან მრავალფეროვანია. სპექტაკლში არმენ ჰოვაკს ვასახიერებდი. მას პატარა თოჯინების თეატრი ჰქონდა. თოჯინების თეატრში იყო თოჯინების თეატრი. თეატრი კი ყველა ეროვნების ბავშვს აერთიანებდა. ისინი არმენის ზღაპრების სანახავად მოდიოდნენ, როგორც ეს სინამდვილეში ხდება. მიზანიც ის იყო, რომ ადამიანებმა, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, საქართველოში მშვიდად იცხოვრონ. ეს არის ყველაზე მთავარი“, – ამბობს მეზღაპრე ევრონიუს ჯორჯიასთან ინტერვიუში.

„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ არტსტუდიამ ევროკავშირის დაფინანსება აიღო. მეზღაპრე ამბობს, რომ რეგიონის სოციალურ პრობლემებზე სასაუბროდ თოჯინების თეატრი შესანიშნავი საშუალებაა.

„თეატრი მარტო საბავშვო სანახაობა არ არის. იმ სიტყვებში, რომლებსაც თოჯინები ამბობენ, ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია იპოვოს ნაცნობი პრობლემები და გზავნილები. თოჯინების თეატრი ძალიან დიდი ძალაა, განსაკუთრებით რეგიონში. თოჯინები პრობლემებზე საუბრობენ და ამ ყველაფერს ზღაპრულად ჰყვებიან“, – ამბობს არმენ ოგანესიანი.

არმენისთვის შთაგონების ერთ-ერთი წყარო ძველი თბილისია, რადგან თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსახლეობის თანაცხოვრებითა და მრავალფეროვანი კულტურით.

„ფიროსმანი, ისევე როგორც ფარაჯანოვი, ძველ თბილისთან ასოცირდება. მე ფიროსმანის პერსონაჟს ძალიან ვგავარ. ბავშვობაში ფიროსმანი შაუმიანში ცხოვრობდა. ახლა ეს შენობა, რომელშიც მარნეულის ერთადერთი მუზეუმია, ინგრევა. ძალიან მინდა, რომ ეს ისტორიული ძეგლი გააკეთონ. იქ ადრე ბიბლიოთეკა იყო და მე სულ დავდიოდი. ერთადერთი ადგილი, სადაც მე შემეძლო ვყოფილიყავი, იყო ბიბლიოთეკა. მაგრამ მაშინ ბიჭს, თუ კითხულობდა, სხვანაირად უყურებდნენ.  ახლაც არის მსგავსი დამოკიდებულება. მეც ძალიან შორი გზებით დავდიოდი ბიბლიოთეკაში, რომ „ბირჟაზე“ მამას არ დაენახა, სად მივდიოდი“, – ამბობს არმენ ოგანესიანი.

არმენი მუშაობს ახლა სპექტაკლზე, რომელიც მისი შთაგონების ერთ-ერთ  წყაროზე, ნიკო ფიროსმანზე იქნება.

„მინდა, რომ ეს სპექტაკლი შედგეს, რადგან ეს ჩემი პატივისცემაა იმ მხატვრის მიმართ, რომელიც ძალიან მიყვარს. როგორც ხედავთ, ნიკალა აღარ არის მარტო. მარგარიტა დაბრუნდა და ახლა ერთად ცხოვრობენ ჩემოდანში“, – ამბობს არმენ ოგანესიანი.

არმენი თოჯინების დამზადებასა და სპექტაკლების დადგმას მარნეულის მუნიციპალიტეტში როგორც სომეხ, ისე აზერბაიჯანელ ბავშვებსაც ასწავლის. მისი თქმით, თეატრს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე მოსახლეობაში ბარიერების დარღვევა შეუძლია. არმენი გაკვეთილებს უტარებს დევნილი ოჯახების ბავშვებსაც, რომლებსაც შაუმიანში დასახლება 2008 წლის ომის შემდეგ მოუწიათ.

„ყველა ბავშვს შეუძლია, სახლში თოჯინების თეატრი ჰქონდეს. თოჯინებს ძალიან დიდი მაგია აქვთ. შეიძლება, ხვალ ბავშვი არ გახდეს მეთოჯინე, მხატვარი, რეჟისორი ან მსახიობი, მაგრამ მაინც ექნებათ პატივისცემა ხელოვანი ხალხისა და ხელოვნების მიმართ. ეს ბავშვები ხვალ დიდ თეატრებში ყველაზე კარგი მაყურებლები იქნებიან“, – აღნიშნავს არმენ ოგანესიანი.

„შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის” ტრენერი ელენე გუგუტიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც არმენმა გაკვეთილები დაიწყო, ცენტრის ცხოვრება გამოცოცხლდა.

„ბავშვები დიდი ინტერესით ელოდებიან ხუთშაბათს, რომ მოვიდნენ და გააკეთონ ის, რასაც მათ არმენი ასწავლის. ბავშვებმა დადებითი თვისებები გამოავლინეს თავიანთი შრომითა და სწავლით.  ძალიან ბევრი რამ ისწავლეს, თუნდაც, თოჯინების გაკეთება ან თიხასთან ურთიერთობა და მუშაობა“, – ამბობს ელენე გუგუტიშვილი.

„შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი” 2010 წელს გერმანული ორგანიზაციის DVV International-ის მიერ და ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსდა. ცენტრის მთავარი მიზანია, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს დასაქმებაში, ინტეგრირებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში დაეხმაროს.

„გაიხსნა ისეთი კურსები, რომლებიც არა მარტო ბავშვებს, არამედ ზრდასრულებსაც სჭირდებოდათ, მათ შორის იყო ხელსაქმის, კომპიუტერის, უცხო ენის, კერვის, ხატვის კურსები. მე პირადად ქართულს ვასწავლიდი არაქართულენოვან მოსახლეობას, აზერბაიჯანელებს, სომხებს. ცენტრი ძალიან დატვირთული და სავსე იყო. წლების განმავლობაში ამ ცენტრის მეშვეობით მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა,  არამარტო დევნილი მოსახლეობისთვის. სოფელ შაუმიანიდან სომეხი მოსახლეობა მოდიოდა, აზერბაიჯანული სოფლებიდან კი – აზერბაიჯანელები. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია მათი შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის. ძალიან ბევრმა აქ შესწავლილი საქმიანობა შემდგომ ბიზნესად აქცია“, – ამბობს „შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის” ტრენერი.

„შაუმიანის სათემო განათლების ცენტრში” ამბობენ, რომ რეგიონში ბავშვებისთვის ბევრი შესაძლებლობა არ არის. თუმცა არმენ ოგანესიანის მასტერკლასები, არტსტუდია და თეატრი ის ადგილია, სადაც ყველას შეუძლია შემოქმედებით თავისი სათქმელი თქვას.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:59
spot_imgspot_img
Send this to a friend