საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მიმდინარე კვირაში წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მედიის თავისუფლების მდგომარეობის საკითხებზე სხვადასხვა პირს უსმენს.
21 მაისის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის” მფლობელ ირაკლი რუხაძეს მოუსმინეს. მან „ტელეიმედთან” დაკავშირებული პროცესები გაიხსენა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებასა და ბადრი პატარკაციშვილს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს ტელეკომპანია იყო.
მისივე თქმით, ბადრი პატარკაციშვილმა მიხეილ სააკაშვილს არ შეუწყო ხელი უსამართლობის დაფარვაში, რასაც ბოლოს „ტელეიმედში” სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრა და ტელევიზიის უკანონოდ დასაკუთრება მოჰყვა.
„შეხვედრის დედააზრი იყო ის, რომ ბადრი პატარკაციშვილმა გაცვალა „იმედი“ საქართველოს რკინიგზაში. როგორც აქამდე ვთქვი, ჩვენ ძალიან გვიშლიდა ხელს ბიზნესის წარმოებაში დაპირისპირება. ამ დაპირისპირების ეპიცენტრი იყო, რა თქმა უნდა, „იმედი“ და ამიტომ ბადრი თვითონ იყო საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ – ერთი მხრივ „იმედი“, მეორე მხრივ მისი ბიზნესინტერესები ქვეყანაში და ამიტომ რაღაც მომენტში მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ „იმედს“ გაცვლიდა საქართველოს რკინიგზაში.
ამის მერე საქართველოს რკინიგზის უცნაური პრივატიზაცია მოხდა. რაღაც გაურკვეველ ინგლისურ ჯგუფს გადასცეს, საერთოდ გაურკვეველი პირობებით. მე ძალიან კარგად ვიცი, ის ჯგუფი რა იყო იმიტომ, რომ მე მიმყავდა მოლაპარაკებები უკვე ინგლისშიც. რამდენიმე თვე გაგრძელდა ეს ჩვენი „თაფლობის თვე“, როცა პრივატიზაცია გაუკეთეს რკინიგზას და იმ ჯგუფს მისცეს, რომელსაც მერე ჩვენთვის უნდა გაეცვალა „იმედში“. ამ დროის განმავლობაში მოვასწარით „მაგთიკომის“ წილის ყიდვა, მოგვცეს უფლება, თორემ ეს რომ არ ყოფილიყო, „მაგთიკომის“ წილს ვერ ვიყიდდით იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორები, ინგლისელები, რომლებიც ჩემთან ერთად შემოდიოდნენ, გააჩერა სააკაშვილმა და უთხრა: ამათთან ერთად ნუ დააბანდებ ფულსო. მერე, რაღაც მომენტში უთხრა, კაი, ახლა შეიძლებაო. და ზუსტად ამის შემდეგ მოგვცეს საშუალება, რომ შეგვეძინა „მაგთიკომის“ წილი.
მერე ბადრის დაეწყო ჭმუნვა, საქართველოში უამრავი საშინელება ხდებოდა, რომელმაც მერე 7 ნოემბრამდე მიგვიყვანა და რაღაც მომენტში ბადრიმ თქვა: იმედი რომ გავყიდო, მერე ხალხს თვალებში როგორ ჩავხედო, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ქვეყანაში. მოკლედ, ეს გარიგება სხვადასხვა მიზეზის გამო ჩაიშალა. როგორც კი ეს გარიგება ჩაიშალა, გადავედით ძველ დაპირისპირებაში“, – განაცხადა რუხაძემ.
