სერბი სტუდენტები, რომელთაც 2000-კილომეტრიანი მსვლელობა მოაწყვეს, საბოლოოდ ბრიუსელში ჩავიდნენ.
მარში სერბეთში, კერძოდ, ნოვი–სადში, დაიწყო, სადაც გასულ წელს რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.
ტრაგედიას მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტიკორუფციული საპროტესტო მუხტი მოჰყვა. აქციებს ძირითადად სტუდენტები ედგნენ სათავეში.
საპროტესტო მარათონი 18 დღე გაგრძელდა. მომიტინგეებმა რვა ქვეყანა გაიარეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მათ 1933 კილომეტრი გაიარეს. იგი მადლობას უხდის მსვლელობის ყველა მონაწილესა და მათ, ვინც ბრიუსელში დახვდა. როგორც თავად ამბობს, ეს ადამიანები დიდ ძალასა და ენერგიას ანიჭებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.
მარშის მიზანი იყო, ევროკავშირს მიექცია ყურადღება იმ ბრძოლისთვის, რომელიც სტუდენტებმა კორუფციის აღმოსაფხვრელად და კანონის უზენაესობის დასაცავად წამოიწყეს. აქციის მონაწილეებმა ბრიუსელში ჩაიტანეს წერილი იმ იმედით, რომ მას ევროკავშირის ინსტიტუტებში წაიკითხავენ და უფრო მეტს შეიტყობენ სერბეთში შექმნილი პოლიტიკური და სოციალური კრიზისის შესახებ.