თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელ მედროშედ“ ცნობილი თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა, რომელიც თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების შეჩერებას ეხებოდა.
გაძევების პროცედურების დაწყებას წინ თბილისის სააპელაციო სასამართლოს უარი უძღოდა თემურ ქათამაძისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. ამ გადაწყვეტილებას თემურ ქათამაძის უფლებადამცველები „უკანონოსა და დაუსაბუთებელს“ უწოდებენ.
თემურ ქათამაძე პირველად 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით, 5 დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად იმავე დღესვე დააკავეს. დაკავების შემდეგ მან ხანგრძლივად იშიმშილა.
