11 მაისს ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მილიონ-ნახევარზე მეტმა ამომრჩეველმა არჩევანი 11 პოლიტიკური პარტიის 2046 წარმომადგენელს შორის გააკეთა. ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საარჩევნო აქტივობამ 41% შეადგინა.
ალბანეთის პარლამენტში 140 დეპუტატია და წელსაც უმრავლესობის მეოთხე ვადით მოპოვებას მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ედი რამა და მისი სოციალისტური პარტიის წევრები გეგმავენ. ედი რამა მოსახლეობას 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას ჰპირდება.
„ალბანეთი ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს 2027 წლამდე დაასრულებს. ყველა სხვა საკითხი, რომლებზეც მისაუბრია ან ჯერ არ განგვიხილავს, ვალდებულებაა. ალბანეთის ევროკავშირში გაწევრება ჩვენი ეროვნული მისიაა და ალბანეთის ევროპული ბედი ჩვენს ხელშია“, – ამბობს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა.
პოლიტიკური ვითარება წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე განსხვავებულია. ქვეყანამ საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ პირველად გახსნა, ამიტომ საარჩევნო კამპანიამ სოციალური მედიის სივრცეში გადაინაცვლა.
ამ მხრივ, სოციალური პლატფორმა TikTok-ი ხელისუფლებისთვის დამაბრკოლებლად იქცა. მთავრობა ამტკიცებდა, რომ კონკრეტული ექსტრემისტული ჯგუფები ახალგაზრდებზე ზემოქმედებას TikTok-ის საშუალებით ცდილობდნენ, რის გამოც 2025 წლის 18 მარტს ხელისუფლებამ TikTok ერთი წლით დაბლოკა.
„სოციალისტური პარტიის“ მთავარი მეტოქე „ალბანეთის დემოკრატიული პარტიაა“, რომლის ლიდერი სალი ბერიშა, 2013 წლამდე ალბანეთის პრემიერ-მინისტრი იყო. მისი დაპირებები ძალიან ბუნდოვანია. ის მოსახლეობას ხელფასების ზრდასა და ტურიზმის განვითარებასა ჰპირდება. თუმცა მისი პარტია კორუფციაში არაერთხელ ყოფილა ბრალდებული, რაც ამომრჩევლების პარტიისადმი ნდობას ამცირებს. სალი ბერიშა ამტკიცებს, რომ ალბანეთი ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად ჯერ კიდევ არ არის.
12 მაისის, დილის 10:00 საათის მონაცემებით, ხმათა მხოლოდ 10%-ია დათვლილი. არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.