სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა 7 მაისს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ ეს სირიის დროებითი პრეზიდენტის ევროპაში პირველი ოფიციალური ვიზიტია.
ალ-შარაამ ემანუელ მაკრონთან ომის შემდეგ სირიის რეკონსტრუქციის გეგმა და ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა. ორი ქვეყნის ლიდერებმა აგრეთვე, ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ავიაციის, ენერგეტიკისა და სამხედრო სფეროებში.
ელისეის სასახლეში ერთობლივი პრესკონფერენციის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა სუვერენული სირიის მიმართ, რომელიც პატივს სცემს საზოგადოების ყოველ წევრს. ის გამოეხმაურა გასულ კვირას ისრაელის მიერ სირიაზე მიტანილი იერიშის ფაქტს.
„ვფიქრობ, მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფ. ამ მხრივ, ორმაგი სტანდარტებით თამაშს არავისთან ვაპირებ. ამრიგად, მსურს, ვიხილო დიალოგი ისრაელთან, რომლის უსაფრთხოებაც საფრანგეთის ყოველდღიური საზრუნავია. აქვე გამოვხატავ ჩემს მხარდაჭერას ისრაელისადმი და ჩვენს სურვილს უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება.
მჯერა, რომ სწორედ უფრო დიდი თანამშრომლობის ფორმატია გამოსავალი და ჩვენ ეს განვიხილეთ სირიის პრეზიდენტთან, რომელიც დისკუსიისთვის მზად არის, როგორც ორივე მხარის შეშფოთების გადასაჭრელად, ისე სირიის სუვერენიტეტის, მთლიანობისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად. ეს მნიშვნელოვანია სირიელი ხალხისა და რეგიონის სტაბილურობისთვის“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
Avec le Président intérimaire syrien Ahmed Al-Charaa. Si les actes suivent les mots prononcés aujourd’hui, un chemin est possible pour le peuple syrien et dans notre intérêt à tous. pic.twitter.com/s5xy5zna9C
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) May 7, 2025
გასულ კვირას ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე საჰაერო იერიში მიიტანა და განმარტა, რომ სირიელ დრუზებს პროსამთავრობო შეიარაღებული პირებისგან იცავს. ისრაელმა აგრეთვე, გააფრთხილა სირიის დროებითი მთავრობა თავი შეიკავოს დრუზებით დასახლებულ რეგიონში სამხედრო ოპერაციებისგან.
ისრაელთან მოლაპარაკებების შესახებ სირიის დროებითმა პრეზიდენტმაც ისაუბრა. მან მედიასთან დაადასტურა, რომ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს ისრაელთან ახლაც აწარმოებს და საომარი მოქმედებების თავიდან აცილებას ცდილობს.
„რაც შეეხება ისრაელთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებს, ეს მოლაპარაკებები შუამავლების დახმარებით იწარმოება, რათა თავიდან ავიცილოთ მხარეებს შორის საომარი მოქმედებები. ისრაელის ეს სამხედრო ინტერვენციები 1974 წლის შეთანხმებას არღვევს. დამასკოში ჩასვლის დღიდან ჩვენ ყველას განვუცხადეთ, რომ სირია 1974 წლის შეთანხმების ერთგული დარჩებოდა“, – ამბობს სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა.
ლიდერებმა განიხილეს სანქციების საკითხიც. დროებითმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასადის რეჟიმის დროს დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს, რაც ახალ მთავრობას სირიის სწრაფი და ეფექტიანი რეკონსტრუქციის საშუალებას მისცემს.