მთავარიამერიკააშშCIA ჩინეთის ოფიციალურ პირებს აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისკენ მოუწოდებს

CIA ჩინეთის ოფიციალურ პირებს აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისკენ მოუწოდებს

პლატფორმა X-სა და Youtube-ზე გავრცელებულ ორ ვიდეოში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ჩინეთის ოფიციალურ პირებს აშშ-ის სასარგებლოდ სამთავრობო საიდუმლოებების გაზიარებისა და ჯაშუშობისკენ მოუწოდებს.

ჩინეთის საგარეო სამინისტრომ აშშ-ის წამყვანი სადაზვერვო სააგენტოს რეკრუტირების კამპანია „აშკარა პოლიტიკურ პროვოკაციად“ დაახასიათა – პეკინში, სამინისტროს პრესსპიკერმა ლი ჯიანმა განაცხადა, რომ აშშ ჩინელ მაღალჩინოსნებს ღიად მოუწოდებს დეზერტირობისკენ და ეს ჩინეთის ეროვნული ინტერესების სერიოზული დარღვევაა.

„აშშ არა მხოლოდ ბოროტად სწამებს ცილს და თავს ესხმის ჩინეთს, არამედ ღიად აქეზებს და მოუწოდებს ჩინეთის ოფიციალურ პირებს დეზერტირობისკენ. აშშ პირდაპირ ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებს მიმართავს. ეს ჩინეთის ეროვნული ინტერესების სერიოზული დარღვევა და აშკარა პოლიტიკური პროვოკაციაა. ჩინეთი მკაცრად გმობს ამ ნაბიჯს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა ებრძოლოს ანტიჩინური ძალების საბოტაჟის მცდელობებს და მტკიცედ დაიცვას ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ინტერესები“, – განაცხადა ლი ჯიანმა.

ვიდეოები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა დადო პირობა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება იქნებოდა.

ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში სააგენტომ გაავრცელა ტექსტური ვიდეო, რომელშიც ჩინურ ენაზე სააგენტოსთან ონლაინრეჟიმში უსაფრთხოდ დაკავშირების ინსტრუქციები იყო გაცემული. ეს ჩინეთში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში ახალი ინფორმატორების მოძიების ფართო კამპანიის ნაწილი იყო. თუმცა უახლესი ვიდეოები ბევრად დახვეწილია და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნების მოზიდვას ისახავს მიზნად. პირველივე დღესვე ისინი 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა.

„როიტერსის“ ცნობით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო დარწმუნებულია, რომ ვიდეოები ჩინეთის ინტერნეტცენზურის მიუხედავად სასურველ აუდიტორიამდე აღწევს.

გასულ წელს კი, როდესაც ამერიკული დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბილ ბერნსმა გაამხილა, რომ სააგენტო ჩინეთზე სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად დამატებით რესურს გამოყოფს, პეკინმა მას მადლობა გადაუხადა იმის შეხსენებისთვის, რომ ამერიკელი ჯაშუშები ყველგან არიან.

ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობების განხილვისას ლი ჯიანმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებაც ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა პეკინის მზადყოფნა, „იბრძოლოს ბოლომდე“ და ვაშინგტონს მუქარის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„თუ აშშ-ს სატარიფო ომში ბრძოლა სურს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. თუ მათ საუბარი სურთ, მაშინ კარი ღიაა. სატარიფო ომს გამარჯვებულები არ ჰყავს. თუ აშშ-ს ნამდვილად სურს პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაჭრა, მან უნდა შეწყვიტოს მუქარა და დაიწყოს დიალოგი თანასწორობის, პატივისცემისა და ორმხრივი სარგებლის პრინციპების გათვალისწინებით“, – ამბობს ჩინეთის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერი.

ეს შეფასება მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დაწყების მიზნით ტარიფების შემცირებას არ გეგმავს.

დეზერტირობისკენ მოწოდებებისა და სავაჭრო ომში ჩაბმის საპასუხოდ ჩინეთი ჯაშუშობის საწინააღმდეგო კანონებს ამკაცრებს და მოქალაქეებს აფრთხილებს, ყურადღებით აკონტროლონ გარშემომყოფთა საეჭვო საქმიანობა.

როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ამბობს, ჩინეთის მიზანი მსოფლიოში ეკონომიკური, სამხედრო და ტექნოლოგიური დომინაციის დამყარებაა. შესაბამისად, ამერიკული დაზვერვა გააგრძელებს ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეებთან რეაგირებას. მისივე თქმით, ჯაშუშობის წამახალისებელი ვიდეოებიც სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend