ჩინური შეძახილები მოსკოვის ქუჩებში შემთხვევითი არაა. ე.წ. „ღირსების გვარდია” რუსეთის დედაქალაქში პირადად სი ძინპინმა გაგზავნა. კალენდარზე 9 მაისი ახლოვდება – საბჭოთა არმიის მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 80 წლის თავი. კრემლისთვის განსაკუთრებულ დღეს, ყველაზე განსაკუთრებული სტუმარი სწორედ ჩინეთის პრეზიდენტია. სი ძინპინი მოკავშირესთან 7 მაისს ჩავა და 3 დღე დარჩება.
„რთული იყო იმის 100 პროცენტით თქმა, თუ რა ხარისხის ურთიერთობა გვექნებოდა ჩინეთთან. ახლა ამ ურთიერთობას აქვს სტრატეგიული და ღრმა დატვირთვა. ის საიმედო და სტაბილურია. ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები ემთხვევა. ჩინეთს აქვს გულწრფელი მისწრაფება დაეხმაროს რუსეთს. ჩვენ ჩინეთის კედლის ნაცვლად საერთო ფუნდამენტი ავაშენეთ და ეს ეფექტურად მუშაობს. მითუმეტეს ახლა, როდესაც მსოფლიოში ტურბულენტობა არა თუ შემცირდა, გაიზარდა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „რასია 1-თან” ინტერვიუში.
ტურბულენტობა მსოფლიოში ბევრისთვის სწორედ რუსულმა აგრესიამ გაზარდა. საფრთხეები გაიზარდა თავად აგრესორისთვისაც, რომელმაც ნაციზმზე გამარჯვების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უკრაინას სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა. მოსკოვი წითელ მოედანზე 15-მდე ქვეყნის ლიდერს ელოდება და თავის ტკივილს არიდებს თავს, თუმცა პასუხად მოსკოვში ის ვერ მოისმინეს, რაც სურდათ. ვოლოდიმირ ზელენსკის საკმარისი მიზეზი აქვს კრემლის განცხადებებს არ ენდობოდეს, ამიტომ გარანტიების გაცემას მოერიდა.
„9 მაისს რუსეთში ჩასულ ქვეყნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის მარტივი, ჩვენ ვერ ვიქნებით იმაზე პასუხისმგებელი, თუ რა მოხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ამაზე პასუხისმგებლები თავად არიან. ჩვენ ვერ გავცემთ ვერანაირ გარანტიას, რადგან ჩვენთვის უცნობია, თუ რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა ამ თარიღის ფარგლებში. ჩვენ, აგრეთვე, გვყავდა სტუმრად სხვადასხვა ლიდერებ, რომელთა ვიზიტის დროსაც ვიხილეთ სხვადასხვა ფორმით აფეთქება, შეტევა და დაშინება”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მოსკოვში ყველაზე ხმაურიანი სტუმარი ევროკავშირიდან იქნება. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო თვეებია, ამ ვიზიტს გეგმავს. მართალია, ჯერ კიდევ გუშინ თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა პრორუსული განწყობების ევროპელი ლიდერი ამ დღეს ვერ გამოტოვებს. იგივე გამოწვევის წინაშე დგას სერბეთის პრეზიდენტიც, რომელიც ბოლო 6 თვეა, მოსკოვში ჩასვლაზე საუბრობს, თუმცა 9 მაისის მოახლოებასთან ერთად ალექსანდრ ვუჩიჩისთვის ჯანმრთელობის პრობლემებმა იჩინა თავი. ყველაფერი გადადო, ჯერ კიდევ უცნობია, არის თუ არა მასში ცხრა მაისის ფრენა.
„მე ჩავალ მოსკოვში და წერტილი. პატივისცემას ვაჩვენებ ქვეყანას, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჰიტლერის დამარცხებაში. სასაცილოა, ვის ემუქრება ზელენსკი? ჩინეთის პრეზიდენტს? ბრაზილიის პრეზიდენტს? და ასობით მილიონ ადამიანს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ? მეორე მსოფლიო ომში უკრაინელი ჯარისკაცებიც დაიღუპნენ, ახლა კი, მათი პრეზიდენტი ჩრდილს აყენებს მათ პატივს. დიდი უპატივცემულობაა, როდესაც ქვეყანას, რომელმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გასწია ფაშიზმთან ბრძოლაში, ვიღაც ეუბნება, რომ შესაძლოა ზეიმზე დრონი გაუშვან – ეს არ ეკუთვნის თანამედროვე პოლიტიკას”, – აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ.
წითელ მოედანზე შეკრებილ სტუმრებს შორის იქნება ვლადიმერ პუტინის უცვლელი მეგობარი ალექსანდრ ლუკაშენკა ბელარუსიდან. ადგილზე ვიხილავთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს. გრძელი გზა ელით ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის იგნასიუ ლულას, კუბის პრეზიდენტ მიჰელ დიას-კანელსა და იმავე კონტინენტიდან მოსკოვში მიმავალ ნიკოლას მადუროს ვენესუელიდან.
„9 მაისს კუბა წითელ მოედანზე იდგება. ეს დიდი პატივია. რამდენიმე საათში რუსეთში ვიქნებით, რათა მონაწილეობა მივიღოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღის 80 წლის აღნიშვნაში. ასევე ავღნიშნავთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დამყარების 65 წლის თავს”, – წერს კუბის პრეზიდენტი X-ზე.
Volvimos al cementerio memorial de San Petersburgo, panteón de 490 mil hijos de la Ciudad Héroe que resistió 900 días de #Bloqueo nazi sin rendirse. #Cuba cuenta aquí con grandes amigos. Juntos evaluamos proyectos y recorrimos sitios históricos y de interés para la cooperación. pic.twitter.com/6Uktl0XjxY
— Miguel Díaz-Canel Bermúdez (@DiazCanelB) May 5, 2025
აშშ-სა და მოსკოვს შორის დამთბარმა ურთიერთობებმა გააჩინა შეკითხვა, თუ ვინ შეიძლება მოსკოვს აშშ-დან ესტუმროს. წინასწარი ინფორმაციით, წითელ მოედანზე მაღალი რანგის სტუმრები არ იქნებიან. ელჩით იქნება წარმოდგენილი ისრაელიც. მოსკოვში ელიან შუააზიელ პარტნიორებს ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან. მათ საკუთარი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აღლუმისთვის რუსეთში უკვე გაგზავნეს. სიაშია ინდონეზიისა და ვიეტნამის, აგრეთვე, აფრიკის კონტინენტი. მოწვეულებს შორისაა პალესტინის მთავრობის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასიც, ასევე დეფაქტო ლიდერები სეპარატისტული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან.
