კატეგორიები

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა ღაზის სექტორის სრულად დაპყრობის გეგმას

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა ღაზის სექტორის სრულად დაპყრობის გეგმას

5 მაისს ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა მთელ ღაზის სექტორზე კონტროლის დამყარების გეგმა და ტერიტორიაზე ჯარების განუსაზღვრელი ვადით დარჩენას მხარი დაუჭირა.

გეგმის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში ღაზის სექტორისკენ ისრაელის სამხედრო ტექნიკამ გადაადგილება დაიწყო. მაღალჩინოსნების თქმით, ახალ გეგმას შეუძლია, დაეხმაროს ისრაელს საკუთარი სამხედრო მიზნების მიღწევაში, რომელთა შორისაცაა ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ პოზიციებზე მძლავრი იერიშების მიტანა.

სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებას ადასტურებს ისრაელის მთავრობის პრესსპიკერი დევიდ მენსერი.

„მიმდინარე კვირაში, ისრაელი ათობით ათასი რეზერვისტის გაწვევას გეგმავს, რათა გააძლიეროს და გააფართოოს ღაზაში ჩვენი ოპერაცია არა ოკუპაციისთვის, არამედ სამხედრო ოპერაციის გაფართოებისთვის. რატომ? „ჰამასზე“ ზეწოლის გასაზრდელად და ჩვენი ტყვეების გასათავისუფლებლად. დამატებით ზონებში ისრაელი გაანადგურებს ყველანაირ ტერორისტულ ინფრასტრუქტურას, როგორც მიწის ზემოთ, ისე მის ქვემოთ.


.

მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ოპერატიულ გეგმას ღაზაში „ჰამასის“ დასამარცხებლად და ტყვეთა დასაბრუნებლად. ისრაელმა არაერთხელ ნათლად განაცხადა – გაათავისუფლეთ ტყვეები, „ჰამასმა“ ჩააბაროს იარაღი და ომი დასრულდება. მინისტრთა კაბინეტმა ასევე მხარი დაუჭირა ჰუმანიტარული დახმარების სამომავლო განაწილების შესაძლებლობას, თუ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა დევიდ მენსერმა.

გეგმის დამტკიცებას წინ უძღოდა ათობით ათასი რეზერვისტის მობილიზების შესახებ ისრაელის სამხედრო ძალების მეთაურის განცხადება.

ექსპერტთა აზრით, ამ ნაბიჯის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, ისრაელი მნიშვნელოვნად გააფართოებს ოპერაციებს პალესტინის ტერიტორიაზე. მათივე თქმით, გეგმის განხორციელებას, შესაძლოა, დიდი საერთაშორისო წინააღმდეგობა მოჰყვეს.

ისრაელი ასევე მხარს უჭერს ღაზის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტის შემოთავაზებულ გეგმასაც, რომელიც მინისტრთა კაბინეტის მიერ მხარდაჭერილის მსგავსია. 2025 წლის 4 თებერვალს დონალდ ტრამპმა განაცხადა „ღაზის გეგმის“ შესახებ, რაც 2 მილიონამდე პალესტინელის მეზობელ ტერიტორიებზე გადასახლებას გულისხმობდა. გეგმას ისრაელი „ნებაყოფლობით ემიგრაციას“ უწოდებს, თუმცა ის ევროპელმა მოკავშირეებმა დაგმეს.

დაკავშირებული ამბები
ირანმა და ლიბანმა ისრაელის ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებზე იერიში მიიტანა იერუსალიმში, წმინდა საფლავის ეკლესიაში მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდა
სხვა ამბები