კატეგორიები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საქართველო გაუარესებული მედიაგარემოთი ხვდება. გასულ წელთან შედარებით, ქვეყანა 11 პოზიციით დაქვეითდა, რასაც უფლებადაცვითი ორგანიზაცია, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, თავის ბოლო ანგარიშში ადასტურებს.

180 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საქართველომ 114-ე ადგილი დაიკავა. ანგარიშის თანახმად, უკუსვლას რამდენიმე მიზეზი აქვს – რეპრესიულად შეფასებული კანონმდებლობა, ეკონომიკური სირთულეები, არასტაბილური პოლიტიკური გარემო და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ხელისუფლების ჩარევის მცდელობა. ქართულ მედიაგარემოზე საუბრისას ორგანიზაცია წერს, რომ მისი მრავალფეროვნების მიუხედავად, ის „უკიდურესად პოლარიზებულია“.

„მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია მედიაში ფართოდ ვრცელდება, განსაკუთრებით ტელევიზიით, რომელიც ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა. მედიის მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო პოლიტიკას, როგორც ეს მოხდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, რომელმაც სარედაქციო ხაზი ახალი ხელმძღვანელობის დროს შეცვალა. ასევეა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, რომლის სარედაქციო პოლიტიკაში ხელისუფლება ერევა. რეგიონული და სათემო რადიოსადგურები დაფინანსების პრობლემის წინაშე არიან. ამავე დროს, ბეჭდური მედიის აუდიტორია მცირდება, ხოლო ონლაინგამოცემებისა – მზარდია“, – წერია ორგანიზაციის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე.

„2024 წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც დავის საგნად იქცა, ქვეყანაში ახალი და სერიოზული პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. თავის მხრივ, ამან ქვეყანა რეპრესიულ გარემოსა და საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს უკრძალავს ფლობდნენ მედიასაშუალებებს. მსხვილი მედიასაშუალებები იცავენ თავიანთი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად მჭიდრო კავშირები აქვთ პოლიტიკურ ლიდერებთან. იგივე ხდება სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მედიასაშუალებების შემთხვევაშიც, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ჩარევას განიცდიან. ამავე დროს, ხელისუფლების წარმომადგენლები უარს აცხადებენ მათდამი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებებისთვის პასუხის გაცემაზე და ზოგჯერ მიმართავენ ცენზურას, ბინძურ კამპანიასა და დაშინებას“, – ნათქვამია RSF-ის ანგარიშში.

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ასევე წერს ევროკავშირის იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ შეუსრულებია.

„მთავრობას კვლავ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაციები მედიის თავისუფლების მხრივ, არ გადაუდგამს საჭირო ნაბიჯები ევრობლოკში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. მედიაპლურალიზმისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად გატარებული რეფორმების საპირწონედ, ხელისუფლებამ მიიღო რეპრესიული კანონმდებლობა „უცხოური გავლენის“ შესახებ, რომელიც რუსული „აგენტების შესახებ“ კანონის ასლია და საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას“, – წერია ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ანგარიშში საქართველოს შესახებ.

RSF წერს, რომ გაუარესებული მედიაგარემო 2025 წელს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა. ორგანიზაციის თანახმად, თანამედროვე სამყაროში ეკონომიკური დასუსტება მედიის თავისუფლების უმთავრესი საფრთხეა.

„თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფა დღევანდელ მედიაგარემოში მოითხოვს სტაბილურ და გამჭვირვალე ფინანსურ მდგომარეობას. ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე თავისუფალი პრესა ვერ იარსებებს. როცა ახალი ამბების მედია ფინანსურად შეჭირვებულია, ის ცდილობს აუდიტორიის მოზიდვას ხარისხის დათმობის ხარჯზე და შეიძლება იქცეს ოლიგარქებისა და ხელისუფლების მსხვერპლად, რომლებსაც მისით სარგებლობა სურთ. როცა ჟურნალისტებს უჭირთ, მათ აღარ რჩებათ საშუალება, წინააღმდეგობა გაუწიონ მედიის მტრებს – მათ, ვინც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ჩემპიონები არიან… მედიის ფინანსური დამოუკიდებლობა არის აუცილებელი პირობა თავისუფალი, სარწმუნო ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ემსახურება“, – ამბობს ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ დირექტორი ანნ ბოკანდე.

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ანგარიშში წერს, რომ მედიის თავისუფლების მხრივ საუკეთესო ხუთეულში არიან: ნორვეგია, ესტონეთი, ნიდერლანდები, შვედეთი და ფინეთი. RSF-ის თანახმად, ზოგადი კრიტერიუმებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლავ რთული რჩება საბერძნეთში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები