მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აქციებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება სავალდებულო წესით გადაიხედა – აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული წინასწარი პატიმრობის ვადა ბრალდებულებს 5 მაისს ეწურებოდათ.
პროკურორების მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება ან გაუქმდება, და ბრალდებულები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან, მათ შესაძლოა ახალი დანაშაული ჩაიდინონ, ან მიიმალონ.
ადვოკატები კი აღნიშნავენ, ბრალდებულთა პატიმრობა დაუსაბუთებელია და რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.
მხარეებმა შესავალი სიტყვები უკვე წარმოთქვეს. პროკურორებმა და ადვოკატთა ნაწილმა წინა სასამართლო პროცესზე – ნაწილმაც დღეს.
დღესვე სიტყვის უფლებით ისარგებლებს ბრალდებულებმა – ანდრო ჭიჭინაძემ, ონისე ცხადაძემ და რევაზ კიკნაძემ.
პროკურატურა აქციებისას დაკავებულ 11 პირს, რომელთა საქმეც ერთ წარმოებად განიხილება, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებას არცერთი ბრალდებული არ აღიარებს
