ორმხრივი ავიამომიმოსვლა ერთი მიმართულებით – სოხუმი-მოსკოვი ამოქმედებულია. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის პირველი მაისიდან რეგულარული ფრენები დაიწყო. ამისთვის ოკუპანტმა რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს არაღიარებული აეროპორტო აღუდგინა.
რუსეთის მოქალაქეებმა ბილეთები ადგილობრივი ავიაკომპანია „იუვტ აეროს“ პლატფორმაზე შეიძინეს და პირველი რეისიც განხორციელდა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები ოკუპანტი რუსეთის ამ ქმედებას, ზოგადი განცხადებით პასუხობენ და ამბობენ, რომ აფხაზების შემორიგება მშვიდობიანად უნდა მოხდეს.
მთავრობის პირველი მაისის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრს ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებია. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ამის ხელშეშლა მათ ძალებს აღემატება და სიტყვიერად გმობენ მომხდარს.
“ჩვენი პოზიცია ცალსახაა – საქართველო აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას გმობს! ეს მხოლოდ ჩვენი პოზიცია არ არის – ამას მხარს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO უჭერს. ჩვენ ICAO-სთან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს. ეს ICAO-ს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასევე ეწინააღმდეგება “ოკუპაციის შესახებ“ კანონს.
როცა ჩვენი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან საერთაშორისო ნორმების შესაბამისად შემოწმება, მათ შორის უსაფრთხოების ნორმების შეფასება ვერ ხდება, ამას ICAO არ აღიარებს.
ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი არის გამოყენებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სანქცირებული კომპანიები მოახდენენ ოპერირებას, მაგრამ ჩვენ მათზე გავლენის საშუალება არ გვექნება, ეს არის ობიექტური გარემოება. ეს არის ოკუპირებული და არაღიარებული ტერიტორია“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ ანექსიის მორიგ ნაბიჯს დუმილით ხვდება და რომ ეროვნული ხელისუფლება ამის ხელშეშლისთვის ყველაფერს გააკეთებდა.
„ეს [ფრენების დაწყება] ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ოკუპაციის და ანექსიური პროცესების კიდევ ერთი, დამატებითი გამოხატულებაა, თუმცა მაშინ, როდესაც ივანიშვილის „ოცნება“ დასავლეთს და გამოგონილ „გლობალური ომის პარტიას“ უცხადებს ომს, კიდევ უფრო მკაფიოა მათი სიცრუე სუვერენიტეტის განმტკიცების თუ დაცვის ირგვლივ!
ბუნებრივია, ნამდვილი მტრის მიერ ჩვენი ქვეყნის ნაწილის ანექსიის ამ ახალ განზომილებას „ოცნება“ ჩუმი თანხმობით ხვდება, რამდენადაც დღემდე არცერთი საჯარო განცხადებით დაგმობა არ მოუხდენია მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და არც ერთხელ საჯაროდ არ მიუმართავს ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისთვის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად! მივმართავ საქართველოში დასავლეთის ქვეყნების აკრედიტებულ საელჩოებს, მიუხედავად საგარეო უწყების დუმილისა, შეაფასონ და დაგმონ საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ გადადგმული ეს ახალი განზომილება“, – აცხადებს პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, თეონა აქუბარდია.
საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი, თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ეს არის აფხაზეთის რეგიონის არაპირდაპირი ანექსიის გაგრძელება, რასაც საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოდ ხვდება. მისივე თქმით, არც საზოგადოებაში არსებობს მკაფიო აზრი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეეშალოს ხელი რუსეთს, საქართველოს ტერიტორიების სრულ ოკუპაციაში.
„რუსებსაც და აფხაზებსაც ფრენა უფრო გაუმარტივდათ, რადგან აქამდე სოჭში უწევდათ ჩასვლა და იქიდან გადაფრენა მოსკოვში. რაც შეეხება ოკუპაციას. რუსები პირდაპირ ანექსიას ვერ ახორციელებენ, რადგან აფხაზებს ამის სურვილი არ აქვთ და შეეწინააღმდეგებიან. ეს ალბათ უფრო იმისთვის გაკეთდა, რომ რუსი ინვესტორების მიერ მოხდეს უძრავი ქონების რაღაც სახით დაკანონება. ამას რუსეთი უკვე დიდი ხანია ცდილობს, თუმცა აფხაზების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა იყო. როგორც ჩანს, რუსეთი იმედოვნებს რომ ამ ნაბიჯით ცვლის ვითარებას. „ფოჩიანი კანფეტის“ შეთავაზებაა აეროპორტი აფხაზებისთვის, სანაცვლოდ კი დაითანხმებს იმ საკითხებზე, რაზეც აქამდე დილემა და წინააღმდეგობა იყო. გამოსავალი ვერც წინა და ვერც ამ ხელისუფლებამ მოძებნა. დიალოგიც არ არის აფხაზებთან და მე მგონია, რომ პირდაპირი დიალოგი საჭიროა“, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – ICAO“ და „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“ არ აღიარებენ ამ აეროპორტის მუშაობას და მას საერთაშორისო რეისები ეკრძალება. უცნობია რა რაოდენობით და რამდენი ავიაკომპანიის ჩართულობით გაგრძელდება ფრენები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპანტ რუსეთს შორის.
ალეკო გვეტაძე