ვითარება კვლავ დაძაბულია სამხრეთ აზიაში, ორ ბირთვულ სახელმწიფოს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ორშაბათს მხარეებმა ისევ გახსნეს ცეცხლი, რომელშიც ერთმანეთს ადანაშაულებენ.
28 აპრილს პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა მედიასთან თქვა, რომ ქვეყანაში ინდოეთის სამხედრო შეჭრა გარდაუვალია.
„ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ძალები, რადგან ეს გარდაუვალია“, – განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ხავაჯ მუჰამედ ასიფმა „როიტერსს“ და დასძინა, რომ „სტრატეგიული გადაწყვეტილებები“ მიღებულია.
ასიფმა ასევე თქვა, რომ ქვეყანა ბირთვულ იარაღს მხოლოდ „არსებობისთვის პირდაპირი საფრთხის“ შემთხვევაში გამოიყენებს.
ვითარება რეგიონში დაიძაბა მას შემდეგ, რაც 22 აპრილს ქაშმირის რეგიონში 26 მოქალაქე დახოცეს. ინდოეთი მომხდარში პაკისტანელ სამხედროებს ადანაშაულებს, რასაც კატეგორიულად უარყოფენ ისლამაბადში.
ინდოეთის უსაფრთხოების სამსახურში კი ყვებიან, რომ პაკისტანელი სამხედროები ქაშმირის ტურისტულ ზონაში აჩერებდნენ მამაკაცებს და ეკითხებოდნენ წარმომავლობას. მათივე ცნობით, ისინი ინდოელებს ხოცავდნენ.
ამ თავდასხმამ ინდოეთში საპროტესტო აქციები და აღშფოთება გამოიწვია. მოქალაქეების ნაწილი მოუწოდებს ნიუ დელის, უფრო მკაცრი ზომები მიიღოს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ.