მთავარისაქართველო„აქციებისას დაკავებული 10 დემონსტრანტი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს" - საია

„აქციებისას დაკავებული 10 დემონსტრანტი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს” – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა საქმეების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებული 10 დემონსტრანტი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. ამის შესახებ დღეს ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

დაკავებისას, ტრანსპორტირებისას ან განყოფილებაში არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, საბა სხვიტარიძე, რევაზ კიკნაძე, ნიკოლოზ კაცია, ანატოლი გიგაური, დავით ხომერიკი, დავით ლომიძე, თეიმურაზ ზასოხაშვილი, არჩილ მუსელიანცი, ანასტასია ზინოვკინა და მზია ამაღლობელი მიუთითებენ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ამ ათი პირიდან ცხრას პროკურატურა დაზარალებულადაც კი არ აღიარებს – დაზარალებულის სტატუსი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ საბა სხვიტარიძეს აქვს.

„საბა სხვიტარიძემ დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილება. სხვიტარიძის განმარტებით, ის პოლიციამ ზესტაფონის გზაზე დააკავა, მისთვის არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს, შემდეგ გადასცეს გორთან გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს და გადაიყვანეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში. დიღომში, სამმართველოს შენობაში, მეხუთე სართულზე, მას ოთხი ნიღბიანი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და სცემა, შემდგომ კი ამავე შენობის მერვე სართულზე საპატრულო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, სხვა პირებთან ერთად კვლავ იძალადა მასზე.

რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას. ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, სხვა გამოცდილებებთან ერთად, განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ არასათანადო მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს.

ნიკოლოზ კაციამ აღნიშნა, რომ დაკავებისას ექცეოდნენ დამცინავად და შეურაცხმყოფლად, უწოდებდნენ „რიჟიკას“, ბილწსიტყვაობდნენ მისი მისამართით და ეუბნებოდნენ, რომ რასაც ეტყოდნენ, ის უნდა დაედასტურებინა. ასევე საჯარო წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ კაციას პენიტენციურ დაწესებულებაში არ უზრუნველყოფდნენ საკვებით, ხოლო მის  პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხებით სარგებლობენ სხვა მსჯავრდადებულები. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ კაციამ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე. 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე ნიკოლოზ კაციამ აღნიშნა, რომ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პროცესამდე „ბუქნებს“ აკეთებინებდნენ. ნიკოლოზ კაციას საქმე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაგზავნა პროკურატურაში იმ არგუმენტაციით, რომ მისი ქვემდებარე არ იყო.

ანატოლი გიგაურის საქმეზე, დაცვის მხარემ პროცესზე აღნიშნა, რომ გიგაურს თავად  პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური დაზიანება სახის მიდამოში მუშტით. ეს ყველაფერი დადასტურდება ვიდეო მტკიცებულებით.

დავით ხომერიკი უთითებდა სექსუალური ძალადობის მუქარის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, ასევე გაშიშვლების შემთხვევებზე.

დავით ლომიძე სცემეს დაკავებისას, მას აწუხებდა ხერხემლის პრობლემები, ცემის შედეგად  გაურთულდა მდგომარეობა და დასჭირდა ოპერაცია.

თემურ ზასოხაშვილის ინფორმაციით, ასევე, მასაც გაუსწორდნენ ფიზიკურად დაკავების დროს.

არჩილ მუსელიანცის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას და შეთავაზებას თანამშრომლობაზე, რომ პოლიტიკურ თანამდებობის პირებისთვის დაედო ხელი.

ანასტასია ზინოვკინამ ასევე განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ძალადობა, მათ შორის სექსუალური ძალადობისკენ მიმართული მუქარა. ერთ-ერთ პოლიციელს ხელი თავის სასქესო ორგანოზე ედო და ემუქრებოდა თუ გაინძრეოდა ამ ადგილით დასჯიდა. დაკავება მოწმის და ვიდეო გადაღების გარეშე მოხდა. ბრალდებულმა მიუთითა, რომ შეეძლო იმ პოლიციელის ამოცნობა, ვინც მას ტელეფონი წაართვა. ამავე პოლიციელმა ჩადო ნარკოტიკი ქურთუკის ჯიბეში. ბრალდებული იხსენებდა, რომ „პოლიციელი“ ემუქრებოდა, თუ გააგრძელებდა ქურთუკის ყურებას მას „იხმარდა“. მას შემდეგ, რაც ქურთუკში ნარკოტიკული საშუალება განათავსეს, ჩაცმა აიძულეს. მხოლოდ ამ „ოპერაციის“ დასრულების შემდეგ დაიწყო ოფიციალური ჩხრეკა. ბრალდებული ცდილობდა ყველაფრის დანახვას, რაზეც ემუქრებოდნენ, რომ იძალადებდნენ თუ გააგრძელებდა აქეთ-იქით ყურებას.

მზია ამაღლობელის საქმე: როგორც ცნობილია, საია წარმოადგენს მზია ამაღლობელის ინტერესებს. მისი დაკავება ძალადობრივი და უკანონო იყო, რასაც თან ახლდა ფიზიკური ძალადობა და არაერთი დარღვევა პოლიციის მხრიდან. დაკავების შემდგომ, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზიას მიმართ გამოიყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუშვა მისი საჭიროებების იგნორირება და ხელი შეუშალა ადვოკატებთან კონტაქტს. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ამ დრომდე მას დაზარალებულის სტატუსი არ მიუღია, რაც ფუნდამენტურად ზღუდავს მისი უფლებების დაცვას.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება ხასიათდება არაეფექტიანობით – გამოკითხულნი არიან მხოლოდ დგებუაძის დაქვემდებარებული თანამშრომლები, არ გამოკითხულა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, და არ არის დაცული გამოძიების ობიექტურობის და ადეკვატურობის სტანდარტი. ვიდეოჩანაწერები არასრულად არის წარმოდგენილი, ხოლო მნიშვნელოვანი მტკიცებულებები საქმის მასალებში დროულად არ აისახა. მიუხედავად ექსპერტიზის ჩატარებისა, მათი დასკვნები დღემდე საქმის მასალებში არ მოიძებნება“, – წერია საიას განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend