თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა და მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს.
სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. ამასთან, სასამართლომ უნდა იმსჯელოს სხდომის გახსნასთან დაკავშირებითაც. ბოლო ოთხი პროცესი ამ საქმეზე ნახევრად დახურული ფორმატით გაიმართა. სხდომაზე დასწრების საშუალება არ ჰქონდათ ბრალდებულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
დღევანდელ, 24 აპრილის, სხდომას არ ესწრებიან ბრალდებულები რევაზ კიკნაძე და რუსლან სივაკოვი. მათ პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
აქციებისას დაკავებულ 11 პირს, რომელთა საქმეებსაც სასამართლო ერთ წარმოებად განიხილავს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალს არცერთი დაკავებული არ აღიარებს.