მთავარიევროპაუკრაინაიერიშები რუსეთის ტერიტორიაზე

იერიშები რუსეთის ტერიტორიაზე

კრემლის მიერ ქალაქ სუმის დაბომბვის შემდეგ, რასაც, ბოლო მონაცემებით, 32 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა – მათ შორის 2 ბავშვი, მოსკოვში ამტკიცებენ, რომ 14 აპრილის ღამეს, უკრაინა დაესხა თავს მათ ენერგოობიექტებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელებმა იერიში მიიტანეს სხვადასხვა ოლქში არსებულ 6 სტრატეგიულ ობიექტზე. გარდა ამისა, კრემლის მტკიცებით, თავდასხმა განხორციელდა ქალაქ კურსკშიც, სადაც საცხოვრებელი სახლების ნგრევისა და მსხვერპლის გამო რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს.

„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქალაქ კურსკზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ  მიტანილი იერიშის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების მიხედვით, გასულ ღამეს უკრაინული დრონებით მასშტაბურად შეუტიეს ქალაქ კურსკში არსებულ საცხოვრებელ კომპლექსებს. უპილოტო საფრენმა აპარატებმა ასევე იერიში მიიტანეს სამედიცინო დაწესებულებაზე. დანაშაულებრივი თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 9 მოქალაქე“, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის სპიკერი სვეტლანა პეტრენკო.

როგორც ჩანს, კრემლში უკმაყოფილონი არიან, უკრაინამ რუსულ იერიშს რომ უპასუხა. თუმცა უკრაინული ქალაქ სუმის დაბომბვა იმდენად მასშტაბური იყო, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს არც უცდია ამ ფაქტის უარყოფა. მან განაცხადა, რომ იერიშების სამიზნე სამხედრო ობიექტები იყო.

„ჩვენ გვაქვს ფაქტები, თუ ვინ იმყოფებოდა ქალაქ სუმიში იმ ადგილებში, სადაც იერიში მიიტანეს. იქ იყო  უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნების მორიგი შეკრება დასავლელ კოლეგებთან. ისინი ან უბრალოდ დაქირავებული მებრძოლები იყვნენ, ან არ ვიცი… მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროები რომ იქ არიან, ეს ყველამ იცის. ისინი ხელმძღვანელობენ უკრაინელებს“, – ამბობს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დეტალურად არ ამბობენ,  თუ რა სამიზნეები გაანადგურეს ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 14 აპრილის ღამეს. უწყების სპიკერმა ყოველდღიურ მიმოხილვაში ახსენა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საერთო ჯამში 99 რუსული იერიში მოიგერიეს ფრონტის მთელ ხაზზე. ოფიციალური კიევის ცნობით, ყველაზე აქტიური კვლავ დონეცკის ოლქის ცენტრალური მიმართულებაა, სადაც, მაგალითად, დასახლება პოკროვსკთან 28 იერიში მოიგერიეს. უკრაინის გენერალურ შტაბში ამბობენ, რომ გრძელდება სამხედრო მოქმედებები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქშიც და აქვე განადგურებულ სამხედრო სამიზნეებზეც ავრცელებენ ზოგად ინფორმაციას.

„კურსკის მიმართულებით ბოლო 24 საათის განმავლობაში 17 შეტაკება მოხდა. რუსმა ოკუპანტებმა 56 საავიაციო იერიშის შედეგად 89 მართვადი ავიაბომბი გამოიყენეს და ჩვენი პოზიციები არტილერიით 436-ჯერ დაბომბეს. საერთო ჯამში კი მთელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსმა ტერორისტებმა 119 საავიაციო იერიში მიიტანეს. ჩამოაგდეს 191 მართვადი ბომბი. ასევე გამოიყენეს 3275 თვითმკვლელი დრონი. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ და არტილერიამ იერიში მიიტანა იმ რეგიონებზე, სადაც რუსი ოკუპანტების პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკაა განთავსებული. განადგურდა რუსული საჰაერო თავდაცვის 2 ობიექტი, მართვის  4 ცენტრი, 8 საარტილერიო საშუალება და 2 მნიშვნელოვანი სამიზნე“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა ანდრიი კოვალოვმა.

დღეს, 15 აპრილს, უკრაინაში სუმიში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს  მიაგეს პატივი. როგორც ცნობილია, ეს  ერთი კვირის განმავლობაში მეორე ფართომასშტაბიანი თავდასხმა იყო, რომლის დროსაც დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. თავდასხმას  გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ომის გაგრძელება მხოლოდ რუსეთს სურს.

„პუტინი ყველაფერს აკეთებს, რომ  გააგრძელოს ეს ომი. ორიენტირებულია ზუსტად ასეთ დარტყმებსა და მკვლელობაზე. რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტები თავიანთ აუდიტორიას ამზადებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა და დიპლომატიამ შედეგი ვერ მოიტანოს. ამის მიზეზი მხოლოდ ერთი რამაა – მოსკოვში არ ეშინიათ. თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი გააგრძელებენ იმას, რასაც მიჩვეულები არიან“, – დასძენს ვოლოდიმირ ზელენსკი.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, რუსეთის საჯარისო ერთეულებმა თავდასხმების დროს საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯავშანტექნიკა გამოიყენეს. ეს იმ დროს, როდესაც გასულ წელსა და 2025 წლის დასაწყისშიც ძირითადად ქვეითი ძალებით იერიშებს მიმართავდნენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ერთ დღეში მათ 7 რუსული ტანკი და 20 ჯავშანმანქანა გაანადგურეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend