მთავარისაქართველოპირველი არხი თანამშრომლების გათავისუფლებას სამართლიანსა და დასაბუთებულს უწოდებს

პირველი არხი თანამშრომლების გათავისუფლებას სამართლიანსა და დასაბუთებულს უწოდებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანების, ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ-ივანოვ ჩიქოვანის, გათავისუფლების შემდეგ პირველი არხი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება „სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებულია“.

პირველი არხის განცხადებით, ბოლო პერიოდში „საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში“  ჩართული თანამშრომლების ნაწილის მხრიდან ხელშეკრულების პირობებისა და შრომის შინაგანაწესის, ასევე, „შიდა ლოკალური აქტების მოთხოვნების“ დარღვევის ფაქტები გამოვლინდა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის, ანალიტიკური პროგრამების, თუ სოციალური თემატიკის გადაცემების წამყვანებსა და ჟურნალისტებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და სტანდარტების დაცვის ვალდებულება ეკისრებათ როგორც აუდიტორიის, ასევე ორგანიზაციის წინაშე. ჟურნალისტის პროფესია თავის თავში აერთიანებს ჟურნალისტის არა მარტო უფლებებსა და თავისუფლებას, არამედ ასევე ითვალისწინებს მათ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული სტანდარტის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მედიასაშუალებისათვის, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი გადაცემების/პროგრამების წამყვანი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქცეს ისეთი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოვლენების მხარედ, რაც გამორიცხავს, ან თუნდაც, ეჭვის ქვეშ დააყენებს მაუწყებლის ან/და მისი, როგორც წამყვანის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას“, – წერია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ამ თანამშრომელთა ნაწილმა საჯარო განცხადებებით „სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ თანამშრომლობას“.

განცხადების თანახმად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შრომითი ხელშეკრულებებისა და ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევის გამოვლენისთვის დისციპლინური წარმოება ექვსი თანამშრომლის მიმართ დაიწყო.

„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობა და თანამშრომლობა არის ორმხრივი ნების გამოვლენისა და სურვილის შედეგი, რასაც არ ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში, რის გამოც საქართველოს პირველმა არხმა გადაწყვიტა გადაცემის – „რეალური სივრცე“ წამყვანთან, ნინო ზაუტაშვილსა და საინფორმაციო გადაცემის – „მოამბე“ წამყვანთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან შეწყდეს შრომითი ურთიერთობა. აღნიშნული დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორისა და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები“.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მოკვლევის პროცესის შედეგების შეფასება რამდენიმე დასაქმებულთან მიმართებაში კვლავ მიმდინარეობს“ და მისი დასრულების შემდეგ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend