მთავარიმსოფლიოNATOშავი ზღვის რეგიონში NATO მასშტაბურ წვრთნებს ატარებს

შავი ზღვის რეგიონში NATO მასშტაბურ წვრთნებს ატარებს

ნატოს წევრი ქვეყნები რუმინეთის ხელმძღვანელობით შავი ზღვის რეგიონში მასშტაბურ წვრთნებს ატარებენ.

წვრთნები უკრაინის მოსაზღვრე რუმინეთში იმ დროს იმართება, როცა ევროპის ქვეყნები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე გადადიან, რადგან დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში აშშ-სთან ურთიერთობები დაიძაბა. დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოების სურვილი არაერთხელ გამოხატა, იგი უკრაინაში ომის დასრულებას ცდილობს.

წვრთნებში, რომელსაც რუმინეთი მასპინძლობს, 12 ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან დაახლოებით 2,300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. წვრთნები ტარდება ზღვაზე, მდინარეებზე, ხმელეთზე, წყალქვეშ და ჰაერშიც.

რუმინეთის საზღვაო ძალების თქმით, სწავლების მიზანია ნატოს ქვეყნების გაძლიერება, რათა მომზადებული შეხვდნენ კოორდინირებულ საზღვაო და საჰაერო თავდასხმებს ან ჰიბრიდულ საფრთხეებს.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო NBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ გეგმავს დაახლოებით 10,000 ამერიკელი ჯარისკაცის გამოყვანას აღმოსავლეთ ევროპიდან — მათ შორის რუმინეთიდან და პოლონეთიდან.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ნატომ გააძლიერა თავისი პოზიციები ევროპაში, დამატებითი მრავალეროვნული ბატალიონები გაგზავნა რუმინეთში, უნგრეთში, ბულგარეთსა და სლოვაკეთში.

ბევრს მიაჩნია, რომ ამერიკული ძალების გაყვანა რუსეთს გაამხნევებს.  როგორც ნატოს ლიდერებმა შარშან სამიტზე განაცხადეს, რუსეთი კვლავ „მოკავშირეების უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან და უშუალო საფრთხედ რჩება“.

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ ნატოს წევრებმა თავდაცვის ხარჯებზე მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 5% უნდა დახარჯონ.

ამჟამად ნატოს წევრი ქვეყნების თითქმის მესამედი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს თავდაცვის ხარჯების მინიმალურ მიზანს — მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს.

2022 წლის ომის დაწყების შემდეგ რუმინეთი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალიანსში — ქვეყანამ უკრაინას Patriot-ის სარაკეტო სისტემა გადასცა და გახსნა საერთაშორისო სასწავლო ცენტრი F-16-ის პილოტებისთვის, მათ შორის უკრაინელებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend