კატეგორიები

აქციებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა საქმეს უფლებადამცველები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ

აქციებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა საქმეს უფლებადამცველები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და პროევროპული აქციებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ცხრა პირის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მორიგი ბრიფინგი გამართეს.

უფლებადამცველების განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით.

მათივე თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც პირთა ჯგუფურად, ორგანიზებულად მოქმედების არსებობაზე მიუთითებს.

„სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის ბრალეულობას. დაუშვებელი მტკიცებულებაა ასევე სხვა, შესაძლოა, თავისთავად კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებელი მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს. არ არის სახეზე ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხილი დანაშაულის შემადგენლობა, რადგან საერთოდ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ დანაშაულის შემადგენლობის ერთი აუცილებელი ელემენტის – წინასწარ შეთანხმებული, ორგანიზებულად ჩამოყალიბებული ჯგუფის არსებობაზე მიუთითებს.

საქმეში ასევე არ არის სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რომლებიც, ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს, რადგან არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

თერთმეტივე ბრალდებულის მიმართ საქმე არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული. ეს ყოველივე მიზნად ისახავს ბრალდებულების დასჯას სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობის გამო, აგრეთვე, მთლიანად საზოგადოების – განსაკუთრებით კი სტუდენტური ჯგუფებისა და ახალგაზრდების დაშინებას, რათა მათ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის სურვილი წაერთვათ;

ეს საქმე მმართველი პარტიის მიერ წინასწარ დაგეგმილი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე წამოიწყო. იგი ეფუძნება მმართველი პარტიის მიერვე შექმნილ მითს, რომ თითქოს პროტესტის მონაწილეები აჯანყების მოწყობის მიზნით ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას აპირებდნენ.

თავდაპირველად, ხელისუფლების მიერ მართულმა ტელეკომპანიებმა აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, ხოლო შემდგომ სამართალდამცავმა ორგანოებმა, ამ ლეგენდის მეტი დამაჯერებლობისთვის უკანონოდ დააკავეს საქმეში ფიგურანტი პირები. აღნიშნული სქემის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ პროპაგანდისტული არხები, სამართალდამცავი უწყებები და სასამართლო. ცხადია, ამ სქემის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების დავალების გარეშე“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

„არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – „ჯგუფური ძალადობის“ შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი – ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც წინასწარ შეთანხმებით, საერთო განზრახვით, ორგანიზებულად ჩადიოდა დანაშაულს.

საქმეში ასევე არ არის სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რომლებიც, ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს, რადგან არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამის გამო ბრალდებულებს ვერ შეერაცხებათ ვერც საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელებისთვის და ვერც დაზარალებული უწყებების ქონებისთვის მიყენებული ზიანი.

კერძოდ, უმეტეს შემთხვევაში პოლიციელების მიმართ მიყენებული ზიანის რომელიმე ბრალდებულისთვის შერაცხვა თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან დაზარალებული პოლიციელის მიერ აღწერილი ზიანის მიყენების დრო, ადგილი და გარემოებები არ ემთხვევა ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, ადგილსა და გარემოებებს.

იგივე ეხება ვითომდაც მიყენებულ ქონებრივ ზიანსაც, რომლის მოცულობა ჯამში, ბრალდების მხარის მტკიცებით, 1.8 მილიონი ლარია. ყველა შემთხვევაში ბრალდებულების მიერ ვითომდაც დაზიანებული ქონება ასობით მეტრით, უმეტესად კი კილომეტრობით მოშორებულ ადგილებში (მაგალითად, დედა ენის ბაღში, კოსტავას გამზირზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, პარკ „მზიურში” და ა.შ.) იყო განთავსებული. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ დააზიანეს ეს ქონება ბრალდებულებმა, რომლებიც, პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულს პარლამენტის მიმდებარედ ჩადიოდნენ“, – თქვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა სანდრო ბარამიძემ.

ბრიფინგზე „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა დაასახელა ბრალდებულების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების მონაწილეთა ვინაობა, რომელთა შორისაც 9 მოსამართლე, 10 პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 თანამშრომელია.

ბრიფინგს ესწრებოდნენ ბრალდებულთა ოჯახის წევრებიც. მათ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და ისაუბრეს რვა აპრილის საპროტესტო აქციასა და პატიმართა ოჯახების მიერ დაფუძნებული ახალი წინააღმდეგობის მოძრაობის მნიშვნელობაზე.

პროკურატურა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 პირს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები