ნატოში დღეს განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდათ. ატლანტის ოკეანიდან ევროპის შუაგულში მარკო რუბიო პირველად ჩაფრინდა. ყოველ შემთხვევაში, როგორც სახელმწიფოს მდივანი.
რუბიომდე კი ევროპაში ის სიახლე ჩავიდა, რომ აშშ-ი მას ტარიფებს უწესებს. მოსალოდნელმა, თუმცა ახლა უკვე გაფორმებულმა გადაწყვეტილებამ კონტინენტზე ბევრი კითხვა გააჩინა. მათ შორის ასეთიც :
“რა სურს აშშ-ს ევროპისგან? ვაგრძელებთ ერთად მუშაობას თუ არა? ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ,რომ გვყავს საერთო მტერი და ესაა რუსეთი. აშშ-ი არ უნდა ხედავდეს მტერს ევროპაში. ჩვენ პარტნიორები ვართ და ასეც უნდა გავაგრძელოთ”, – ამბობს ლუქსენბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი,ხავიერ ბეტელი.
“სოლიდარობა დღეს ყველა წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება. სოლიდარობა, რომელიც გამყარებულია გადაწყვეტილებებით. აშშ-ის გადაწყვეტილება კი არ აისახება დადებითად ევროპაზე. ევროპა დაიცვას ევროპელებს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძლიერი სავაჭრო – თავდაცვითი ინსტრუმენტები, თუმცა ის ექნება ადეკვატური თუ იქნება ერთიანობა”, – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო.
საჯაროდ გაჟღერებული შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ბევრს მიეცა დახურულ კარს მიღმაც. ბრიუსელი დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 32 სახელმწიფოს პირველი დიპლომატები ხვდებოდნენ.
სამსჯელო თემა კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერება, თავდაცვის ხარჯების ზრდა და უკრაინის მხარდაჭერაა. სამივე საკითხზე მუშაობა პროცესშია.
ამასთან, ევროპელი მოკავშირეები არ მალავენ წუხილს, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დაახლოების გამო, მაშინ როდესაც ნატოს მთავარი გამოწვევა სწორედ მოსკოვი რჩება.სახელმწიფო მდივანს პასუხები მზად ჰქონდა.
“აშშ-ი არის ნატოს აქტიური წევრი, ეს ისტერია და ჰიპერბოლები,რომელსაც გლობალურ თუ ლოკალურ მედიაში ვადევნებთ თვალს – უსაფუძვლოა.პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ თქვა,რომ ის მხარს უჭერს ნატოს და ჩვენ ვრჩებით ალიანსში. თუმცა ჩვენ გვსურს ნატო იყოს უფრო ძლიერი, უფრო სიცოცხლისუნარიანი. და ერთადერთი გზა ამისათვის, არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან უფრო მეტი შესაძლებლობების ქონა. ვსაუბრობთ მდიდარ ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ უნარი გააკეთონ მეტი. გარწმუნებთ,რომ საშინაო საჭიროებები ჩვენც მრავლად გვაქვს,თუმცა პრიორიტეტს ვაკეთებთ თავდაცვაზე, იმ როლის გამო,რომელიც მსოფლიოში გვაქვს. ჩვენ გვსურს პარტნიორებმაც იგივე გააკეთონ. მესმის,რომ შესაძლოა წლების განმავლობაში შექმნილი საზოგადოებრივი უსაფრთხოების ქსელის პირობებში, ქვეყნებს ეს ცვლილებები არ სურდეთ, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ სრულმასშტაბიანი ომი ევროპის გულში, რაც შეგვახსენებს, რომ მძიმე ძალა შეკავებისთვის აუცილებელი პირობაა. ჩვენ ძალიან რეალურ გზაზე ვდგავართ, რომ თავდაცვის ხარჯებმა 5%-ს მიაღწიოს. გვჯერა, რომ საფრთხეები რეალურია, ამას კი რეალური ძალისხმევით პასუხი სჭირდება. პრეზიდენტი ტრამპი არაა ნატოს წინააღმდეგი, ის ეწინააღმდეგება იმგვარ ნატოს, რომელსაც არ აქვს უნარი შეასრულოს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები. მძიმე სიმართლეა,მაგრამ ეს უნდა ითქვას”, – აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.
“თქვენმა გუნდმა დაიწყო ჩიხიდან გამოსავლის ძიება და მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს ჩვენი სრული მხარდაჭერით მოხდა ,რათა ომი უკრაინაში მივიყვანოთ ხანგრძლივ და განგრძობად მშვიდობამდე. ამავდროულად, ევროპელები დგამენ აქტიურ ნაბიჯებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების თვალსაზრისით, ამ მხრივ ვიხილეთ სერიოზული ციფრები. პირველ 3 თვეში უკრაინას 20 მილიარდი დოლარით დავეხმარეთ,რათა ის დარჩეს ბრძოლაში ვიდრე პროცესი გაგრძელდება. რუსეთი არის ჩვენი გრძელვადიანი საფრთხე, ასევე არსებობს მზარდი პრობლემები ჩინეთთან, ჩრდ.კორეასთან თუ ირანთან – ეს ყველაფერი ურთიერთგადაჯაჭვულია. ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ი პარტნიორობა არის ნატოს ქვაკუთხედი. ჩვენს მიმართ მისი მოლოდინი კი არის შემდეგი : ევროპელებმა და კანადამ უნდა დახარჯონ მეტი, აქამდე ეს იყო 700 მილიარდი დოლარი. ბოლო თვეებში კი ვხედავთ კიდევ უფრო მეტი თანხების შემოდინება თავდაცვაში, ეს კი ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ ამ მასშტაბით პირველად ხდება”, – ამბობს მარკ რუტე.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ისიც მკაფიოდ თქვა,რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო შეთანხმების მიუხედავად, კრემლი ალიანსის ნომერ პირველ გამოწვევად დარჩება და ხანგრძლივი ვადით. ამ აზრს იზიარებენ ევროპის ის სახელმწიფოები, რომლებიც უკრაინის დასახმარებლად “მსურველთა კოალიციის” სათავეში დგანან.
“ნატოს მოუწევს,რომ გახდეს უფრო სამართლიანი.მოუწევს იმაში დარწმუნება, რომ მომდევნო წლებში გახდება უფრო ლეტალური, უფრო ძლიერი. რაც კი ნიშნავს, რომ უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები. ვაწარმოოთ მეტი და მივაწოდოთ მეტი. რუსეთი აგრძელებს უკრაინულ ოჯახებზე ბომბების სროლას, ისინი აჭიანურებენ პროცესს და რევენ მოლაპარაკებებისკენ მიმართული ყველა ძალისხმევას.ვლადიმერ პუტინს კარგად ვხედავთ და ამ ვითარებაში ნატოს ერთობა უმნიშვნელოვანესია.მათ შორის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის განსახორციელებლად.ეს გამორჩეული გეოპოლიტიკური მომენტია და უმნიშვნელოვანესია მოკავშირეები დავრჩეთ ყველაზე ძლიერ ალიანსად მსოფლიოში”, – აღნიშნა ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამმა.
“რუსეთი საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ყოველ დღე და ყოველ ღამე. ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს, ამიტომაცაა რომ ნატო აგრძელებს ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედის გაფართოებას. 800 მილიარდი ევრო მომდევო 4 წელიწადში გააძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას. რადგან ნათელია რომ საფრთხე მოდის პუტინის რუსეთისგან, საფრთხე ყველას გვეხება”, – ამბობს გერმანელი დიპლომატი, ანალენა ბერბოკი.
“ჩვენი მთავარი გზავნილია,რომ რუსეთი არის და დარჩება განმსაზღვრელი საფრთხე ალიანსისთვის, იქნება ეს ევროპა თუ ჩრდილოეთ ამერიკა. უნდა მოვემზადოთ არა მხოლოდ ომის შემდეგი ეტაპისთვის,არამედ იმისთვის,რაც ამის შემდეგ იქნება.რუსეთთან გამკლავება მომდევნო წლებში ალიანსის მთავარი ამოცანა იქნება”, – ამბობს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ესწრება ანდრი სიბიჰა. უკრაინელი დიპლომატისთვის მთავარი ამოცანა მოკავშირეების იმაში დარწმუნებაა, რომ ქვეყნის სამხედრო დახმარება უნდა გაგრძელდეს.
თუმცა ამ მხრივ უფრო მეტი სამუშაო აშშ-სთანაა. დიპლომატი რუსეთთან მოლაპარაკებების დეტალებზე და ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივებზე სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.
