კატეგორიები

„წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა” – სახალხო დამცველის ანგარიში

„წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა” – სახალხო დამცველის ანგარიში

“წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა” – სახალხო დამცველის ანგარიში

სახალხო დამცველმა წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე.

სახალხო დამცველი წლიურ ანგარიშში წერს, რომ 28 ნოემბრიდან მომდევნო დღეებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უკანონო დაშლისას, თითქმის ყველა დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წევრების მხრიდან სავარაუდო წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას დაექვემდებარა.

უფრო კონკრეტულად, 29 ნოემბრიდან – 2 დეკემბრის პერიოდში, მონახულებული პირებიდან 79.5% აცხადებდა, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო.

ანგარიში ეფუძნება დაკავებულების ჩვენებებს, საიდანაც ვიგებთ, რომ დაკავებულებს ატარებდნენ დერეფნებში, რა დროსაც ჯგუფურად, ხელებით და ფეხებით მრავალჯერადად ურტყამდნენ. სასტიკი ძალადობა გრძელდებოდა მიკროავტობუსებშიც. მიზანმიმართულად აყენებდნენ დაზიანებას სახისა და თავის არეში, რაც ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლებს ვიზუალურადაც ემჩნეოდათ. სახალხო დამცველის შეფასებით ეს გარემოებები შეიძლება მიუთითებდეს, რომ არასათანადო მოპყრობის ერთნაირი მეთოდები წინასწარ იყო შემუშავებული.

„მოცემულ ეტაპზე არსებული საქმის მასალებით, აპარატისთვის შესაძლებელი გახდა წამების თვალსაჩინო და აშკარა რამდენიმე შემთხვევის გამოკვეთა. ძალადობდნენ ძირითადად ჯგუფურად, რამდენიმე სპეცრაზმელი ერთდროულად. დაკავებულებს თავის არეში ურტყამდნენ იმდენად ძლიერად, რომ რამდენიმემ გონება დაკარგა და ტვინის შერყევა მიიღო, რამდენიმე პირს ჰქონდა სისხლდენაც. მომიტინგეთა გამოკითხვების ოქმების მიხედვით, მათ მიმართ შავნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ არასათანადო მოპყრობას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ დაკავების დროს, არამედ დაკავების შემდეგაც. დაკავებული პირების სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, დაკავებულ პირებს დაზიანებები აღენიშნებოდათ სისხლნაჟღენთების, ჰიპერემიების სახით სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის, იკვეთება ცხვირის ძვლების, თვალბუდის ფსკერის, ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის ტრავმა, ქალა-სარქველის ოსტეომა და სხვა“

სახალხო დამცველი წერს, რომ ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა ძირითადად, 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო აქციებზე დაიწყო. ხოლო, იმის გამო, რომ გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე რეაგირება არ მომხდარა, 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1-ელ მარტამდე საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა.

ომბუდსმენის ინფორმაციით დღემდე, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში, არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა

  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება არ არის ეფექტიანი

  • გამოძიება არ მიმდინარეობს წამების, წამების მუქარის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლებით.

  • დაუსჯელები არიან ზამთრის აქციებისას ე.წ. შავნიღბიანი ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც სასტიკად დაესხნენ თავს, მათ შორის, ჟურნალისტებს

  • პროტესტის მონაწილეთა ოფიციალური დამკავებელი პირები არ არიან ფაქტობრივად დამკავებელი პირები, რაც პოლიციელთა მხრიდან მტკიცებულების ფალსიფიკაციაზე შეიძლება მიანიშნებდეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ამ დრომდე არ დაუყენებია რომელიმე პოლიციელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლები არ ატარებენ რაიმე მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რაც არსებითად უშლის ხელს პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მნიშვნელოვნად აზიანებს გამოძიების პროცესს. რაც, თავის მხრივ, ახალისებს დაუსჯელობას

სახალხო დამცველი აქციების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს და წერს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს საპროტესტო აქციის დაშლის მთლიანი სურათი, გადაწყვეტილების მიმღები და ამსრულებელი პირები, სამინისტროს ხელმძღვანელებიდან რიგით თანამშრომლებამდე, თითოეული მათგანის როლი და ფუნქცია დანაშაულში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიება ეფექტიანად ვერ ჩაითვლება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები