ბოლო დროს მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ პოლიცია ხშირად ატარებს რეიდს და ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვანებსაც პირად ნივთებს უმოწმებს.
მოქალაქეებს განსხვავებული აზრი აქვთ ამ რეიდებთან დაკავშირებით. ზოგი საუბრობს, რომ გახშირებული რეიდი შესაძლოა მომატებულ კრიმინალს უკავშირდებოდეს, ნაწილი კი თვლის რომ ეს ახალგაზრდების დასაშინებლად ტარდება.
ევრონიუს ჯორჯია დაინტერესდა, თუ რა არის პოლიციური რეიდის მიზანი, რამდენ შემთხვევაში გადაიზარდა ზედაპირული შემოწმება ჩხრეკად. ასევე რომელ ასაკობრივ ჯგუფებს ამოწმებენ და რა პროცედურების დაცვით. ამ კითხვებით მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ძალოვანი უწყებიდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ პოლიციას უფლება აქვს, ზედაპირული შემოწმებისა თუ ჩხრეკის მიზნით შეაჩეროს მოქალაქე, თუმცა ამ შემთხვევაში დადგენილი წესების დაცვა სავალდებულოა. „ზოგადად პოლიციელს უფლება აქვს, მოქალაქე გააჩეროს, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს თავისი საფუძველი და ეს პროცედურები უნდა ჩატარდეს კანონმდებლობის სრული დაცვით. ისე, როგორც ეს მიმდინარეობს. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ირღვევა ადამიანის უფლებები. დასადგენია, თუ როგორ ხდება ზედაპირული დათვალიერება, ის, ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა უტოლდებოდეს ჩხრეკას და არ იყოს ზედაპირული დათვალიერება. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ეს აქციის მონაწილე ადამიანებზე დამატებითი ზემოქმედების ფორმაა, რომლის გამოყენებასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს იმ მიზნით, რომ დააშინოს ადამიანები, შეუქმნას დისკომფორტი და ამით ხელი ააღებინოს პროტესტზე“, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ზედაპირული დათვალიერება, რა მიზნითაც პოლიცია ხშირად აჩერებს მოქალაქეს, განსხვავდება ჩხრეკისგან. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში პოლიციის შესახებ კანონში მითითებულია, რომ სამართალდამცველმა დეტალურად უნდა განუმარტოს მოქალაქეს შეჩერების მიზეზი. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ხშირად ზედაპირული დათვალიერება ჩხრეკის პროცესში გადადის. ამ დროს თავად მოქალაქეს არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისად, არის იმის ალბათობა, რომ სამართლებრივი პროცედურები დარღვევით წარიმართოს. „პირველ რიგში პოლიციელმა მოქალაქეს უნდა განუმარტოს შეჩერების საფუძველი და მიზანი, აუცილებლად უნდა იცოდეს ეს მოქალაქემ. ზედაპირული შემოწმება არ გულისხმობს ჯიბეებში ხელს ჩაყოფას, ჩანთის გახსნას და შემოწმებას, ეს არის მხოლოდ ზედაპირული დათვალიერება, რომელიც შეიძლება მოხდეს ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალების დახმარებით“, – აცხადებს იურისტი და უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი.
პოლიციის შესახებ კანონში გაწერილია, თუ რას ნიშნავს ზედაპირული დათვალიერება. და რა ვალდებულება აქვს პოლიციელს ასეთ დროს.
· პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას;
· პოლიციელი ვალდებულია, პირს განუმარტოს ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების კანონიერების გასაჩივრების უფლება;
· პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების მომენტიდან 30 წუთს;
· პოლიციელი ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი;
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ ოქმის შედგენის ვალდებულება ირღვევა. ჯიბეების ამობრუნება, ჩანთის გახსნა და შიდა სივრცის შემოწმება უკვე ჩხრეკაა. როდესაც დათვალიერება ჩხრეკაში გადაიზრდება, პოლიციამ უნდა დაასაბუთოს, რატომ გახდა აუცილებელი მოსამართლის ნებართვის გარეშე ჩხრეკის ჩატარება. ასევე აუცილებლად უნდა შედგეს ოქმი. ასევე მოქალაქეს კანონით აქვს უფლება, ჩხრეკის პროცესი გადაიღოს. ეს სამართალდარღვევის პრევენციისთვის აუცილებელიცაა.
„როდესაც დასრულდება ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება (მოქალაქემ პოლიციას) უნდა მოსთხოვოს აუცილებლად ოქმის შედგენა და გაეცნოს დეტალურად. იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქე ჩათვლის რომ ამ პროცესში მისი უფლებების დაირღვა რამდენიმე ცხელი ხაზის ნომერი შეუძლია რომ გამოიყენოს, მაგალითად „126“ და შეატყობინოს შსს გენერალურ ინსპექციას”, – ამბობს უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი.
საპოლიციო რეიდი ყველაზე ხშირად მეტროსადგურების სიახლოვეს ტარდება. კანონმდებლობით ამას აქვს საფუძველი, რადგან პოლიციის შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ მეტროსადგურები განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული ობიექტების ნუსხას განეკუთვნება, სადაც ასეთი ღონისძიება ნებადართულია. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, დარღვევის შემთხვევაში მოქალაქემ გენერალურ ინსპექციას აუცილებლად უნდა მიმართოს. მიუხედავად მისი ეჭვისა, რომ შესაძლოა, ამ ნაბიჯს არ მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება..
გიორგი თუხარელი
