კატეგორიები

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის „ინაუგურაცია“ გაიმართა

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის „ინაუგურაცია“ გაიმართა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო „პრეზიდენტის“, ბადრა გუნბას „ინაუგურაცია“ გაიმართა.

ღონისძიებას კრემლის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „ხელისუფლების“ წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის დე ფაქტო „ლიდერი“, ალან გაგლოევი.

„ჩვენი ათასობით მოქალაქის სიცოცხლის ფასად, თაობებს მივეცით საშუალება, იცხოვრონ და განვითარდნენ საკუთარ მიწაზე“, – თქვა ალან გაგლოევმა.

ე.წ. „ინაუგურაციის პროცესს“ დაესწრო ნიკარაგუას ელჩი, ალბა ასუსენა ტორეს მეხიაც. სოხუმში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, რომელმაც მოგვიანებით კი ბადრა გუნბასთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს. სერგეი კირიენკომ სოხუმს მოსკოვის „სტრატეგიული პარტნიორი“ უწოდა და მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„მრავალეროვანი რუსეთი ყოველთვის თქვენ გვერდში ვიქნებით. ყოველთვის მზად ვიქნებით, უზრუნველგყოთ ყველა საჭირო დახმარებით და გამოგიცხადოთ მხარდაჭერა. დღეს მსოფლიოში, სულ მცირე კიდევ ორმა ადამიანმა დაიწყო საუბარი აფხაზურ ენაზე. დღეგრძელობას ვუსურვებ აფხაზ ხალხს!“ – განაცხადა სერგეი კირიენკომ.

სერგეი კირიენკოს თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 1-ელი მაისიდან დაიწყება. მანამდე, 7 თებერვალს, სოხუმის აეროპორტში 1993 წლის შემდეგ პირველად, მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან პირველი ფრენა განხორციელდა, რაც საქართველოს საგარეო უწყებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები