„მთელი ქალთა უფლებათა დაცვის ნარატივი საფრთხის ქვეშ დგება, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, გვჭირდება თუ არა თანასწორობა“, – ამბობს ქალთა უფლებადამცველი გვანცა ხონელიძე.
საქართველოში გენდერული როლებისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად იცვლება და გენდერული სტერეოტიპების ნაწილი კიდევ უფრო მყარდება.
გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ახლა საქართველოს მოსახლეობის აღქმა და დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ 2013 და 2019 წლებთან შედარებით უფრო კომპლექსურია.
კვლევის თანახმად, ახლა უფრო პოპულარულია აზრი, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად ქალმა ძალადობა უნდა მოითმინოს. ამასთან, მამაკაცების თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ძალადობა ქმარსა და ცოლს შორის პირადი საკითხია და რომ ამაში სხვები არ უნდა ჩაერიონ. მამაკაცების 20%-საც სჯერა, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ქალი ცემას იმსახურებს.
საზოგადოებრივი განწყობების ცვლილებასა და დისკრიმინაციული მიდგომების გაძლიერებას ქალთა უფლებადამცველები რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის უპირველესად კი, ხელისუფლების ქმედებებს უკავშირებენ.
„დღეს გენდერი უკვე ამოღებულია ყველა კანონიდან. სახელმწიფოსთვის გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლა პრიორიტეტი აღარაა. არცერთი სახელმწიფო უწყება არ ამბობს, რას აკეთებს ამ მიმართულებით. გაუქმებულია გენდერული კვოტირება და გენდერის საბჭოები. ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანი აღარ არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკუსვლა დაიწყება და მდგომარეობა დამძიმდება“, – ამბობს ნატი გელოვანი, „კანონის უზენაესობის ცენტრის“ იურისტი.
კვლევის თანახმად, თითქმის ყოველი მესამე მამაკაცი მიაჩნევს, რომ გაუპატიურების შემთხვევებისას ისმის კითხვა, აქვს თუ არა გაუპატიურებულ ქალს ცუდი რეპუტაცია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იმ მამაკაცების რაოდენობა, ვინც გაუპატიურების შემთხვევებს ქალის დაუდევრობას უკავშირებს, 14-დან 21%-მდეა გაზრდილი.
გაზრდილია მათი რაოდენობაც, ვინც ეთანხმება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ბოლო სიტყვა მამაკაცს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო ქალი ამ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს.
„როდესაც საზოგადოება ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებს ბევრი სხვადასხვა აქტორისგან და სახელმწიფო გენდერულ დეზინფორმაციას არ ებრძვის, ძალიან რთულია, კონკრეტულ პირს მოსთხოვო, რომ ამ მახეში არ გაებას… საზოგადოებაში ყალიბდება აზრი, რომ ქალები იტყუებიან ძალადობაზე, იტყუებიან გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაზე. ამ ყველაფერს თუ არ ებრძოლა სახელმწიფო, გენდერულ დეზინფორმაციას თუ სათანადოდ არ შეეწინააღმდეგა, რა თქმა უნდა, ეს აზრების ფორმირებაზეც იმოქმედებს“, – ამბობს ნატი გელოვანი.
ქალთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ თუ სახელმწიფო პოლიტიკურ ნებას არ გამოავლენს – არ დასჯის მოძალადესა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის სოციალურ კამპანიებს არ აწარმოებს, გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც თავის მხრივ, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის წინაპირობაა, კიდევ უფრო გამყარდება.
