მთავარისაქართველორუსეთ-საქართველოს ომი - სამხედროები საგამოძიებო კომისიის კითხვებს პასუხობენ

რუსეთ-საქართველოს ომი – სამხედროები საგამოძიებო კომისიის კითხვებს პასუხობენ

პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე.

27 მარტის სხდომა თითქმის ათ საათს გაგრძელდა. კომისიის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს ლაშა ქოიავამ, სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა;

ზაზა გოგავამ – გენერალმა და გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა. ასევე, სხდომაზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, შალვა ჯანაშვილი.

ხმაური და ურთიერთბრალდებები გამოიწვია „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ წაკითხულმა წერილმა.

კერძოს, ის შეეხებოდა სოფელ სარაბუკს, რომელიც, მისი თქმით, ეკუთვნოდა გრიგოლ ფარცვანიას და მასში „ხელმძღვანელობის მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე“ იყო საუბარი.

წერილს სხდომაზე მისული გენერალი და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა გამოეხმაურა. მისი თქმით, ასეთი შინაარსის განცხადებების მოსმენა „არარელევანტურია“.

„ტაქტიკურად, პოზიციაზე მყოფმა დანაყოფმა ჩაიდინა შეცდომა ერთმანეთში და ამას ავალდებულებს ზაზა გოგავას და უმაღლეს მთავარსარდალს. რაზე მესაუბრებით? მოიყვანეთ მაშინ ეს ხალხი. ეგ ხალხია, რომელიც ბუჩქებიდან უყურებს ხოლმე ომს და მერე წერილებს იწერება. პატივი სცენ სამხედროების საფლავებს, რომლებიც იქ არის. ომი არ არსებობს, სადაც დანაყოფი დანაყოფს ცეცხლს არ უხსნის. დღევანდელ დღესაც კი, როდესაც უმაღლესი ტექნოლოგიებით უყურებენ. მაპატიეთ ამ ტონზე, ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას. სხვა რამე გავარჩიოთ, როგორ არ უნდა დაგვემართოს ამ ქვეყანაში ასეთი რაღაცები? რაზე უნდა ვიმსჯელოთ?! მე უნდა დავუგეგმო პოზიცია? მე ვაძლევ დავალებას, ოპერატიულ, ტაქტიკურ დონეზე. მივიდეს და შეასრულოს! ის 168 სამხედრო მოსამსახურე, 18 პოლიციელი და 220-221 სამოქალაქო პირი ჩემს ზურგზეა. მე ამით უნდა ვიცხოვრო“, – განაცხადა გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, ზაზა გოგავამ.

გენერლის თქმით, ცეცხლის გახსნის დავალება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა ინტენსიურად დაიწყო დასახლებული პუნქტების დაბომბვა. მისივე განცხადებით, ქართულ მხარეს ცხინვალი არ დაუბომბავს და ამის მტკიცება ღალატია.

სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ლაშა ქოიავას მტკიცებით, „ინტენსიური მეცადინეობებით“ აშკარა იყო, რომ ფართომასშტაბიანი კონფლიქტი „2008 წლის გაზაფხულზე გარდაუვალი იყო“.

„2008-ში ინტენსიური მეცადინეობები მიმდინარეობდა იმიტომ, რომ უკვე ვიცოდით, მალევე საბრძოლო მოქმედებები იქნებოდა. თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ სადღაც გაზაფხულზე, შეიძლებოდა საბრძოლო მოქმედებები დაწყებულიყო. გაზაფხულის ბოლოს, მაისი-ივნისის დასაწყისში. შესწავლილი მქონდა შიდა ქართლის სამინისტროსა და აგრეთვე, დასავლეთ საქართველოს სამინისტროს შესაძლებლობები, რამაც მაშინ, რა საკვირველია, საკმაოდ დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვა. მე დამისვეს ამოცანა, რომ სასწრაფოდ, მაისის ბოლოსთვის საველე ჰოსპიტალი ქმედითი ყოფილიყო. ეს დამავალა სახმელეთო ჯარების სარდალმა. მეცადინეობები ყოველდღიური რეჟიმით, გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა”, – თქვა სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ქოიავამ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შალვა ჯანაშვილმა თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარისა და იმდროინდელი პოლიტიკური მმართველობის ხუთდღიანმა წინააღმდეგობამ საქართველო რუსეთის სრული ოკუპაციისგან იხსნა.

„ხუთი დღე რომ არ ყოფილიყო ასეთი წინააღმდეგობა, ძირითადად, თავდაცვის სამინისტროს სამხედროების, მთავრობას არ ექნებოდა დრო, რომ საერთაშორისო მეგობრები ჩართულიყვნენ და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდა რუსეთი. ამან გადაგვარჩინა, ამ თავდადებამ. სამასი სპარტელი რაზე ფიქრობდა, უკან ამხელა ქვეყანა ედგა, ვერ ეხმარებოდნენ და იქ იხოცებოდნენ, კითხეთ იმას, სად გამიშვაო ის კაციც იტყოდა, სად ვიხოცებოდითო?! არის დრო და მომენტი როცა ამას აკეთებ და ბოლოს რა შედეგიც დადგა, ეს შედეგი დადგა. ჩვენ მთელი ქვეყანა ვიხსენით ოკუპაციისგან, ამ გმირობით, დაღუპული ხალხით… შეიძლება ბევრი შეცდომები დამიშვია ცხოვრებაში, მაგრამ ტყუილად არ იყო ადამიანების თავგანწირვა და გმირობა“, – განაცხადა შალვა ჯანაშვილმა, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.

„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია 28 მარტის სხდომაზეც განიხილავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხს. სხდომაზე დაბარებულნი არიან მამუკა ყურაშვილი, გიორგი ხაინდრავა, გია ვოლსკი და ირაკლი ბათიაშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend