მთავარიევროპათურქეთითურქეთში საპროტესტო აქციებზე დაკავებულია სულ ცოტა 1100 პირი

თურქეთში საპროტესტო აქციებზე დაკავებულია სულ ცოტა 1100 პირი

პატიმრობაში მყოფი ექრემ იმამოღლუ რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოფიციალურ კანდიდატად დაასახელა.

გადაწყვეტილება მოჰყვა 23 მარტს სიმბოლურ კენჭისყრას, რომელშიც პარტიის თავმჯდომარის თანახმად, 15 მილიონამდე მოქალაქე მონაწილეობდა.

ამავე დღეს შეუფარდეს მას პატიმრობა კორუფციის ბრალდების საფუძველზეც და ოფიციალურად გაათავისუფლეს თურქეთის უდიდესი ქალაქის, სტამბოლის მერის თანამდებობიდან. ოპოზიცია ამ ნაბიჯს პოლიტიკურად მოტივირებულ გადატრიალების მცდელობას უწოდებს და ამტკიცებს, რომ ამ გზით რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მთავარი, ყველაზე რეიტინგული მეტოქის ჩამოშორებას ცდილობს.

გამოძიების ფარგლებში, რომელმაც კვირას მიღებულ გადაწყვეტილებას დაუდო საფუძველი, სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ იმამოღლუს „კრიმინალური ორგანიზაციის შექმნასა და მართვაში, ქრთამის აღებაში, გამოძალვაში, პირადი მონაცემების უკანონო შენახვასა და ტენდერის გაყალბებაში“ დასდო ბრალი.

ექრემ იმამოღლუმ მხარდამჭერებს პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული განცხადებით მიმართა: „ჩემო დიადო ერო, არ იდარდოთ, არასოდეს დაკარგოთ იმედი. ერთად, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორებთ ამ შავ ლაქას, ამ დარტყმას ჩვენს დემოკრატიაზე. ახლოვდება ის დღეები, როდესაც ამ ბნელი შეთქმულების ავტორები პასუხს აგებენ, ამ სამყაროშიც და ღმერთის წინაშეც. მოვუწოდებ ჩემს 86 მილიონ თანამოქალაქეს – მიდით საარჩევნო ყუთებთან და აჩვენეთ მსოფლიოს, ჩვენი ბრძოლა დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის“.

ექრემ იმამოღლუს ათასობით მხარდამჭერი მე-5 დღესაც, კვლავ გარეთ გამოვიდა. საზოგადოებრივ შეკრებებზე დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა არ წყდება.


პოლიციელი დემონსტრანტის წინააღმდეგ წიწაკის სპრეის იყენებს, სტამბოლი, თურქეთი, 23 მარტი, 2025 წელი Copyright AP Photo/Huseyin Aldemir

პოლიციამ, სტამბოლში, ანკარასა და იზმირში შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპროტესტო აქციები „ქუჩის ტერორად“ დაახასიათა და განაცხადა, რომ ხელისუფლება რესპუბლიკურ სახალხო პარტიას და მის მხარდამჭერებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის უფლებას არ მისცემს.

დემონსტრანტი ბანერით ხელში, სტამბოლი, თურქეთი, 23 მარტი, 2025 წელი Copyright AP Photo/Francisco Seco

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ცნობების თანახმად, აქციების დაწყების დღიდან, 19 მარტიდან მოყოლებული, ამ დრომდე სულ მცირე 1,100 პირი დააკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend