თბილისის საქალაქო სასამართლო საპროტესტო დემონსტრაციებისას დაკავებულთა საქმეების განხილვას განაგრძობს. დღეს, 24 მარტს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი მათე დევიძის საქმეს განიხილავს.
სასამართლო სხდომაზე საქმის გამომძიებელთან ერთად დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელი ლევან კოდელაშვილიც გამოიკითხა. მისი თქმით, მათე დევიძემ საპროტესტო აქციაზე ხელში ჯოხი ჩაარტყა, რის შედეგადაც ხელის მტევანი ოდნავ შეუწითლდა. თავად მათე დევიძე ამბობს, რომ ჯოხი აუცილებელი მოგერიებისთვის, თავდაცვის მიზნით გამოიყენა.
მათე დევიძე იყო იმ 16 პირს შორის, რომლებიც სამართალდამცველებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციებისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმა ხულიგნობას ედავებოდნენ, თუმცა 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ მას მუხლი შეუცვალეს.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მისი საქმის არსებითი განხილვა 30 იანვარს დაიწყო. დღევანდელ პროცესზე საქმის გამომძიებლის გამოკითხვის დასრულებას დარბაზში მათე დევიძის ოჯახის წევრების ხმაური მოჰყვა.