ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერას.
ინტერპრესნიუსის კითხვის პასუხად, ანიტა ჰიპერის თქვა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნაბიჯებს ევრობლოკმა კონკრეტული ქმედებებით უპასუხა.
„ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით. საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა გადადგეს იმგვარი ნაბიჯები, რამაც გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია. საპასუხოდ, ევროკავშირმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ჯერ შევამცირეთ, შემდეგ კი გავწყვიტეთ პოლიტიკური კონტაქტები ქართული ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას 120 მილიონი ევროს ოდენობის პირდაპირი დახმარება შეუჩერა. ასევე, ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მეშვეობით, 2024 წლისთვის განსაზღვრული 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების თანხა გავყინეთ. ამ მხრივ, არც 2025 წელს ვგეგმავთ რაიმე მხარდაჭერას.
რაც შეეხება შეკითხვას სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, ჩვენ ვაძლიერებთ მხარდაჭერას, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე დამოუკიდებელი მედიის მიმართ. უკვე არსებული მხარდაჭერის გარდა, სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებით კიდევ 15 მილიონი ევროა გამოყოფილი“, – განაცხადა ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა.
2024 წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე „საქართველო დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს“. მისივე თქმით, „საქართველო უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროპელი პარტნიორების მხრიდან სხვადასხვა პროექტის გაურკვეველი ვადით შეჩერება მოჰყვა.