მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი შედგა

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი შედგა

საინტერესო საუბარი შედგა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის და ეს ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი მოგვიანებით თეთრი სახლის პრესმდივანმა შეაფასა როგორც „შესანიშნავი“.

იქამდე, სამშაბათს, 18 მარტს, სატელეფონო საუბარი შედგა დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის, რომლის დროსაც მხარეები ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, კერძოდ, ენერგოინფრასტრუქტურაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შემდეგ გააკეთა განცხადება, რომ მზადაა, უპასუხოს დონალდ ტრამპის ნებისმიერ ზარს, როცა ის ამას მოახერხებს და ეს საუბარიც შედგა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აზრით, საჭირო იყო კიევის მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა, თუ მიზანი ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, თუ რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა.

კერძოდ, მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას მშვიდობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, აგრეთვე, უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ჯაველინების რაკეტებისთვის.

საინტერესოა, რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის კამათის ერთ-ერთი საგანი სწორედ ის იყო, რომ ტრამპის აზრით, პრეზიდენტ ზელენსკის არასდროს გადაუხდია მადლობა შეერთებული შტატებისთვის, თუმცა ეს სატელეფონო საუბარი განსხვავებული გამოდგა.

„დღეს პრეზიდენტ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შესანიშნავი სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს 11 მარტს ქალაქ ჯიდაში უკრაინული და ამერიკული დელეგაციების მუშაობის პროდუქტიული დასაწყისისთვის. ორივე ერის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ომის დასრულებას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ჯაველინის რაკეტებისთვის, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა უზრუნველყო. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და ამერიკა გააგრძელებს ერთად მუშაობას ომის რეალურად დასრულებისთვის და პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია“, – ამბობს თეთრი სახლის პრესმდივანი კაროლინ ლივიტი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანხმობა განაცხადა ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის წინადადებაზე, რომელიც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეათანხმა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ცეცხლის სრულ შეწყვეტას რუსეთის პრეზიდენტი არ დასთანხმდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ტრამპისგან უკრაინისთვის სამხედრო-ფინანსური დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრულად შეწყვეტა მოითხოვა, რაც იქნებოდა საფუძველი რუსეთისთვის განეხილა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა. ვლადიმერ პუტინის აზრით, სხვა შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის მხოლოდ დროის მოგება და გადაიარაღების საშუალება იქნებოდა.

საინტერესოა, რომ თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს სრულად მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იყო განხილული ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს.

ეს ზუსტად ისაა, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვდა, რომ უკრაინას სცოდნოდა დეტალები იმისთვის, რათა მხარი დაუჭიროს ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის ინიციატივას. აგრეთვე, ზელენსკიმ სთხოვა ტრამპს დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოპტიმისტურადაა განწყობილი და ღიად აცხადებს, რომ ასე ახლოს მშვიდობასთან არავინ არასდროს ყოფილა და ცეცხლის სრულად შეწყვეტის მიღწევა შესაძლებელია.

თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ამერიკული და უკრაინული დელეგაციები მალე კვლავ შეიკრიბებიან საუდის არაბეთში მოლაპარაკებებისთვის.

„პრეზიდენტის მოლაპარაკებების გუნდი და ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები კვლავ გაემგზავრებიან საუდის არაბეთში, ამ კვირის ბოლოს, რათა გააგრძელონ მუშაობა დეტალების გასარკვევად, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მშვიდობასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ და აქამდე მხოლოდ პრეზიდენტი ტრამპის ლიდერობით მივედით“, – ამბობს თეთრი სახლის პრესმდივანი კაროლინ ლივიტი.

რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნამ დახმარების შეწყვეტაზე ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, თუმცა თეთრი სახლის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რათა უკრაინამ მოახერხოს თავისი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საუბრის იყო ატომური ელექტროსადგურების თემა. ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, საუკეთესო დაცვა მათი ენერგოინფრასტრუქტურისა იქნებოდა ის, თუ ამ სადგურების მფლობელობა ამერიკელებს ექნებოდათ. აგრეთვე, პრესმდივნის თქმით, ზელენსკი მიიჩნევს, რომ ამერიკელთა გამოცდილება დაეხმარება კიევს ამ ქარხნების მართვაში.

„პრეზიდენტმა ტრამპმა, აგრეთვე, ისაუბრა უკრაინის ელექტრომომარაგებასა და ატომურ ელექტროსადგურებზე. მისი თქმით, შეერთებული შტატები შეიძლება ძალიან დაეხმაროს მათ ამ ქარხნების მართვაში თავისი გამოცდილებით. ამ სადგურების ამერიკული მფლობელობა იქნება საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისა და ზოგადად, უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის“, – ამბობს თეთრი სახლის პრესმდივანი კაროლინ ლივიტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე, სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ვაშინგტონს და აგრეთვე აღნიშნა, რომ ისაუბრა პრეზიდენტ ტრამპთან ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენების შესახებ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში შედგება შეხვედრა საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის და გაირკვევა, რა გეგმა არსებობს ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend