18 მარტს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ისაუბრებენ. ეს იქნება პირველი სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მას შემდეგ, რაც უკრაინა დაეთანხმა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას.
მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის ეს შეთანხმება სრულიად არ უარუყვია, მან წამოაყენა ისეთი პირობები, რომლებიც უკრაინისთვის მიუღებელი იქნება. მათ შორის არის უკრაინის გადაიარაღებისა და მობილიზაციის შეჩერება, ასევე დასავლეთის სამხედრო დახმარების შეწყვეტა.
მსგავს პირობებზე დათანხმება ევროპისთვის სავარაუდოდ სასურველი არ იქნება, რადგან დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი აძლიერებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ კიევს რაც შეიძლება მალე მიაწოდონ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტები.
რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა წამოაყენოს ის მოთხოვნებიც, რომლებზეც 2021 წელს საუბრობდა, რაც მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა, ნატომ შეწყვიტოს იარაღის განთავსება იმ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ. ეს არის მისი უფრო ფართო მიზნის ნაწილი – შეზღუდოს ნატოს გავლენა რუსეთის საზღვრებთან.
მოლაპარაკებების დაწყებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეებმა უკვე ისაუბრეს „გარკვეული აქტივების დანაწილებაზე“.
„რუსეთთან საქმე საკმაოდ კარგად მიდის“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა, კვირას 16 მარტს და დაამატა, რომ ძალიან დიდი შანსია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგეს.
კითხვაზე, მოუწევს თუ არა უკრაინას რაიმეს დათმობა, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან ტერიტორიების დანაწილებასა და ელექტროსადგურებზე ისაუბრებს. სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ობიექტს, ზაპოროჟიას ატომურ სადგურს გულისხმობდა.
დონალდ ტრამპის განცხადებებმა ტერიტორიების დაყოფის შესახებ ბევრს 1945 წლის იალტის კონფერენცია მოაგონა, როდესაც იოსებ სტალინმა, უინსტონ ჩერჩილმა და ფრანკლინ რუზველტმა გაყვეს ევროპა აშშ-ის მოკავშირე დასავლეთ და საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთად. თუმცა დუმის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მსგავსი შედარებები მაშინვე გააქრო და განაცხადა, რომ გლობალური რესტრუქტურიზაცია და ახალი „იალტა“ დღის წესრიგში არ დგას.
ამერიკული გამოცემა Semafor ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილად განიხილავს რუსეთის ტერიტორიად ყირიმის აღიარების შესაძლებლობას. წყაროთა თანახმად, განიხილება გაეროსადმი ანალოგიური მოწოდების შესაძლებლობაც, თუმცა ყირიმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ნიუ-დელიში უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრიი სიბიჰამ ისაუბრა კიევისთვის მიუღებელ პირობებზე, რომლებიც მოიცავს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის ყირიმის, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეზღუდვასა და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოს მიღმა დარჩენას.
ბოლო პერიოდში რუსი მაღალჩინოსნები ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა თქვა, რომ მალე მოელის ილონ მასკთან მოლაპარაკებებს მარსის პოტენციური მისიების შესახებ. დმიტრიევმა თქვა, რომ მოსკოვს სურს ითანამშრომლოს SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორთან, რათა გაძლიერდეს რუსეთის კოსმოსური სააგენტო, „როსკოსმოსი“ და სახელმწიფო ბირთვული კორპორაცია „როსატომი“. როგორც რუსმა ისე ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს ინტერესი ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის შესახებ მას შემდეგ, რაც უკრაინაში მშვიდობა დამყარდება.