მთავარისაქართველოსტუდენტების განცხადებით, რუსთაველის გამზირზე პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადადიან

სტუდენტების განცხადებით, რუსთაველის გამზირზე პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადადიან

საქართველოს მასშტაბით უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები 110-ე დღეა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ყოველდღიურად იკრიბებიან და აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას.

17 მარტს დემონსტრანტების პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზაცია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“, კონკრეტულად კი ნანა კაკაბაძისა და ვატო შაქარიშვილის, მიმართვის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება გახდა. დააყადაღეს იმ ხუთი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები და მასზე არსებული თანხა, რომლებიც აქციებში მონაწილე მოქალაქეების ჯარიმებს იხდიდნენ, ასევე ეხმარებოდნენ პროტესტისას დაკავებულთა ოჯახებს. პროკურატურას ეს გარემოება კვალიფიცირებული აქვს, როგორც „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისება“.

დაყადაღებულია ფონდების – „ნანუკას ფონდის“, „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ის“, ასევე ორგანიზაციების – „სირცხვილიასა“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშები და მასზე არსებული თანხები.

მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე პროტესტის 110-ე დღეს შეიკრიბნენ, ამ პროცესს „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარიზმის დაკანონების მორიგ მცდელობად აფასებენ.

საკანონმდებლო ორგანოს წინ სტუდენტებმა მანიფესტი წაიკითხეს და განაცხადეს, რომ „24-საათიან, უწყვეტ პროტესტს იწყებენ“.

„სეუს სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის #304-ე აუდიტორიაში, ირაკლი მიმინოშვილის, სეუს 19 წლის სტუდენტისთვის. დღეს, 17 მარტს, გადავწყვიტეთ, „ქართულ ოცნებას” ვაჩვენოთ, რომ ძალა სტუდენტებშია. ერთად გავიარეთ შუქჩამქრალი და გაყინული აუდიტორია.

30 დღე გავატარეთ ღია ცის ქვეშ იმიტომ, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტში არ გვიშვებდნენ. გვქონდა სამარცხვინო შეხვედრა გია კავთელიშვილთან, რექტორთან. მან დადო პირობა, რომ ირაკლი მიმინოშვილს თავდებად დაუდგებოდა, მაგრამ პირობა ფუჭი აღმოჩნდა და რექტორი სასამართლო დარბაზშიც კი არ გვინახავს. დღეს, სეუს სტუდენტური მოძრაობა იწყებს უწყვეტ, 24-საათიან პროტესტს რუსთაველის გამზირზე“, – ნათქვამია სტუდენტების მანიფესტში.

110-ე დღეა, მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. მათ 17 მარტსაც საპროტესტო მსვლელობითა და შეძახილებით გადმოინაცვლეს რუსთაველის გამზირზე. დემონსტრანტთა მოთხოვნები თბილისშიც და საქართველოს რეგიონებშიც უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ აქციებისას დაკავებული პირები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend