მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ბირთვული ძალა

ევროპის ბირთვული ძალა

საფრანგეთის ბირთვული პოლიტიკა წლების განმავლობაში დაფუძნებული იყო „სტრატეგიული ბუნდოვანების“ პოლიტიკაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იყო ცნობილი, რა შემთხვევაში გამოიყენებდა პარიზი  საკუთარ არსენალს. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის უსაფრთხოებაზე არაერთხელ ისაუბრა კრიტიკულად და უკრაინასთან მიმართებაშიც შეცვალა დამოკიდებულება.

ახლა საფრანგეთი ამბობს, რომ მისი ბირთვული არსენალის დაფარვის არეალი სცდება საფრანგეთის საზღვარს და მზადაა, განიხილოს შესაძლებლობების იმგვარი განვითარება, რომ პარიზმა ევროპის სხვა ქვეყნების ბირთვული უსაფრთხოებაც უზრუნველყოს.

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო კამპანიის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მსოფლიოში ბირთვულ არსენალს ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ფლობს. აშშ-ს 5244 ბირთვული ქობინი აქვს, დიდ ბრიტანეთს – 225, საფრანგეთს – 290, ისრაელს – 90, პაკისტანს – 170, ინდოეთს – 164, რუსეთს – 5889, ჩინეთს – 410 და ბოლოს ჩრდილოეთ კორეას – 30.

როგორც ვხედავთ, ევროპაში ორი ბირთვული სახელმწიფოა – საფრანგეთი და ბრიტანეთი. საფრანგეთი მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც 1960 წელს თავისი პირველი ბირთვული ბომბი გამოცადა აშშ-ის, საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ. 1963 წელს ოფიციალური პარიზი კოსმოსში, ატმოსფეროსა და წყალქვეშ ბირთვული აფეთქებების აკრძალვის თაობაზე აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის შეთანხმებას არ შეუერთდა და საინტერესოა, რომ სწორედ 1960-იდან 1995 წლების პერიოდში საფრანგეთმა ალჟირსა და ფრანგულ პოლინეზიაში საერთო ჯამში 210 საცდელი ბირთვული აფეთქება განახორციელა. 1971 წლისთვის საფრანგეთს ჰქონდა სრულფასოვანი „ბირთვული ტრიადა”, ანუ შეეძლო სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების, ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტებისა და რეაქტიული ბომბდამშენების გამოყენება.

ბირთვული არსენალი, ძირითადად, ტაქტიკური ბირთვული საშუალებები აშშ-საც აქვს  ევროპის კონტინენტზე, ნიდერლანდებში, გერმანიასა და ბელგიაში 15-15 ერთეულია, თურქეთში – 20, ხოლო იტალიაში – 35.

როგორც ცნობილია, ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება კრემლმა ბელარუსშიც შეიტანა, თუმცა რაოდენობა უცნობია.

საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რუსეთის არსენალს, შესაბამისად, ამ მოცემულობაში ძნელია, საფრანგეთმა შეაკავოს კრემლის პოტენციური იერიშები. ამისთვის პარიზს უდავოდ სჭირდება, რომ განავითაროს ბირთვული არსენალი.

2022 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ერთ-ერთმა გერმანელმა პოლიტიკოსმა წამოჭრა იდეა, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა ერთად უნდა იმუშაონ საერთო ევროპული ბირთვული შეკავების საკითხზე. მაშინ ეს  იდეა არ განხორციელებულა. თუმცა ახლახან მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა იგივე გაიმეორა ბრიტანეთსა და საფრანგეთთან მიმართებაში.

მოკლევადიან პერსპექტივაში საფრანგეთს ახლავე შეუძლია, საკუთარი ბირთვული შესაძლებლობები უფრო თვალსაჩინო გახადოს, მაგალითად, ღიად ჩაერთოს სამხედრო სწავლებაში, ან თუნდაც, ბირთვული რაკეტების მატარებელი საავიაციო საშუალებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში განათავსოს, რაც ცალსახად გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებას.

ევროპის ბირთვულ არსენალზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სამხედრო მიმომხილველმა, გიგა ინაშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend