მთავარისაქართველო“ქართული ოცნების” ახალი ნარკოპოლიტიკა

“ქართული ოცნების” ახალი ნარკოპოლიტიკა

მზრუნველობითი მიდგომის ნაცვლად სახელმწიფო კიდევ უფრო გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკას გაატარებს. ამის შესახებ, 10 მარტს „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან გახდა ცნობილი.

მათი განცხადებით, ჰუმანური ცვლილებები აქამდე დასავლეთის მხრიდან თავსმოხვევით განხორციელდა, ახლა კი საქართველოში ამ მხრივ მიდგომები გამკაცრდება. აპირებენ შეცვალონ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კანონები, რითაც ავტორები თვლიან, რომ ანტინარკოტიკული შედეგები გაუმჯობესდება.

კერძოდ, შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით გადაყვანა არ მოხდება. შემოწმებაზე უარის თქმა გამოიწვევს ცალკე ადმინისტრაციულ სახდელებს. მარიხუანას ეხება გამკაცრება გაყიდვის მიმართულებით.

იცვლება ნედლი და მზა ნაწარმის წონის მიხედვით სასჯელები. მკაფიოდ განისაზღვრება მომხმარებელი, ნარკორეალიზატორი და მათთან დაკავშირებული პირები.

რეალიზაციაზე სასჯელები 14, 20 წლიან ან უვადო პატიმრობას დაექვემდებარება.

„ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა. 2025 წლის პირველი ივნისიდან – იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები ქვეყანაში შექმნილ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ მძიმე პრობლემებს, მმართველი პარტიის არასწორ ნარკოპოლიტიკას უკავშირებენ. მათივე თქმით, ეს ცვლილებები არა ვითარების გაუმჯობესებისთვის, არამედ მოქალაქეებზე დამატებითი რეპრესიებისთვის შემოაქვთ. მათივე განცხადებით, ყველა ხელისუფლება ნარკოტიკების თემას არასასურველი პირების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნისთვის იყენებდა და „ქართულ ოცნებას“ ამ პოლიტიკური ბერკეტის კიდევ უფრო დამძიმება სურს.

„მინდა საზოგადოებას გავახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში მარიხუანას პლანტაციის გაშენების გზით ფულის გაკეთებას გეგმავდა და ამ ინიციატივით რამდენიმე წელში, ჩვენ გვიანონსებენ ახლა ისეთ ცვლილებებს, რომელიც ამ პრობლემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ემსახურება. ამ ცვლილების მიზანია მომხმარებლების დემონიზება და ნულოვანი ტოლერანტობის წლებთან შედარებით გაცილებით უფრო დრაკონული და სახიფათო ცვლილებების შემოღება, რომელიც დაკავშირებულია სავალდებულო შემოწმებების, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯასთან. „ქართული ოცნების“ დამსახურებით საქართველოში ნარკოპოლიტიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არის პრობლემური მოხმარების თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში. ჩვენ ძალიან მაღალი რაოდენობა გვაქვს ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანების, ძალიან სერიოზული და მასშტაბურია ჩვენთან ნარკოპოლიტიკის პრობლემა, რასაც სჭირდება ცხადია, ამ ყველაფრის თვისობრივად გადააზრება და ასევე, სჭირდება დევნიდან მზრუნველობაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე გადასვლა. ამ სფეროში მეტი ინვესტირება სჭირდება განათლებაში, ზიანის შემცირებაში, იმისათვის, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს და ჩვენ ევროპული ტიპის ნარკოპოლიტიკა გვქონდეს და არა რუსული ტიპის ნარკოპოლიტიკა, როგორც დღეს ამ ქვეყანაში არის და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

მინდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართო, რომ სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიტესტონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები. ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით. „ქართულ ოცნებას“ ეს უნდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამძაფროს რეპრესიები და პირდაპირ იერიში მიიტანოს იმ საზოგადოებაზე, რომელსაც ამ ქვეყანაში უნდა მოღალატეობრივი რეჟიმის ცვლილება და ამას აკეთებს, ნარკოპოლიტიკაში – აი, ამ დრაკონული, სამარცხვინო ცვლილებების გზით“, – განაცხადა ბუაძემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ არის „დიდი ნარკოტიკული კარტელების და ქსელების მფარველი, ისე ამ სამარცხვინო ნარკოპოლიტიკის ინსპირატორი, ინიციატორი ჩვენს ქვეყანაში““, – განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა  ლიდერმა.

კანონპროექტს ჯერჯერობით არც კომიტეტები გაუვლია და არც სხვა დონის განხილვები, თუმცა „ქართული ოცნება“ აანონსებს რომ ეს ცვლილებები საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გატარდება კანონმდებლობაში. დამძიმდება თუ არა ადამიანის უფლებების მხრივ კანონმდებლობა, ამაზე უფლებადამცველი სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან იურიდიული შეფასება ჯერ უცნობია. ისინი ცვლილებების საბოლოო ვარიანტის წარდგენას ელიან.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend