მთავარიევროპასაფრანგეთი„2008 წლიდან ვუყურებთ როგორ მოქმედებს რუსული სტრატეგია” - საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

„2008 წლიდან ვუყურებთ როგორ მოქმედებს რუსული სტრატეგია” – საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში 30-ზე მეტი ქვეყნის არმიის მეთაურს შეხვდა. ლიდერებმა სამომავლოდ, უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ, რუსული აგრესიის შეკავების მიზნით საერთაშორისო ძალების შექმნაზე ისაუბრეს.

მათ განიხილეს ჯარების ადგილმდებარეობა, ზომა, იარაღის მიწოდება და აგრესიის შემთხვევაში სამხედრო გამოსავლის გზები.

ექსპერტების შეფასებით, პარიზში გამართული შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საფრანგეთისა და ბრიტანეთის ძალისხმევის ფარგლებში – უკრაინის მხარდაჭერის და შეკავების გზით – არ დაუშვან რუსეთის აგრესიის განმეორება.

,,ეს ის მომენტია, როდესაც ევროპამ მთელი რესურსი უკრაინასა და საკუთარ თავს უნდა მოახმაროს“ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების ფონზე, აუცილებელია სანდო უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაზე საუბარი, რათა უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობა რეალობად იქცეს.

საფრანგეთის თავდაცვის ფორუმზე გამოსვლისას, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა შეკრება ,,ამ ფორმატში გამართულ უპრეცედენტო შეხვედრად“ დაახასიათა.

სებასტიან ლეკორნუს თქმით, უსაფრთხოების გარანტიებს შორის მთავარ ძალად უკრაინული არმია უნდა დარჩეს. აქვე გეტყვით, რომ მოლაპარაკებებში ჩართულია ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა, ისევე როგორც იაპონია და სამხრეთ კორეა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს აშშ-ი.

„მსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენი მიზნები მარტივია. 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვუყურებთ რუსული სტრატეგიის მოქმედებას – ვიხილეთ დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები და უსაფრთხოების წესები.

უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უსაფრთხოების გარანტიებს შორის უპირველესად დარჩეს უკრაინის არმია. უარს განვაცხადებთ უკრაინის ნებისმიერი ფორმით დემილიტარიზაციაზე.

ევროპის კონტინენტის ჯარების მთავარი მოვალეობაა იმოქმედოს შესაძლებლობებზე ორიენტირებული, გონივრული ჩარჩოს ფარგლებში. სწორედ ამაზე უნდა დაფუძნდეს უკრაინული არმიაც, არამხოლოდ მომავალი წლისთვის, არამედ მომდევნო ხუთი, ათი, თხუთმეტი წლის განმავლობაში.

განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება ევროპის შეიარაღებულმა ძალებმა მოიპოვონ სანდოობა დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, რომლებიც, უდავოა, გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება… რადგან სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს გამოცდილება ამ მხრივ და ვიცით, რომ წესებს ყოველთვის არ სცემენ პატივს“, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend