მთავარისაქართველო„პრესის თავისუფლების მკვეთრი დაღმასვლა საქართველოში“ - ანგარიში საქართველოს მედიაგარემოზე

„პრესის თავისუფლების მკვეთრი დაღმასვლა საქართველოში“ – ანგარიში საქართველოს მედიაგარემოზე

„ჟურნალისტთა უსაფრთხოების“ პლატფორმის პარტნიორმა ორგანიზაციებმა ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ 2024 წლის ანგარიში წარადგინეს სახელწოდებით – „ბრძოლა პოლიტიკურ ზეწოლასთან, დეზინფორმაციასა და მედიის დამოუკიდებლობის ჩამოშლასთან“.

ევროპის საბჭოს მხარდამჭერით „ჟურნალისტთა უსაფრთხოების“ პლატფორმის პარტნიორმა ორგანიზაციებმა ევროპის სახელმწიფოებში მედიის თავისუფლების შესახებ ანგარიში მოამზადეს. მასში რამდენჯერმე, კრიტიკულ კონტექსტშია ნახსენები საქართველო და ქვეყანაში ჟურნალისტთა უფლებრივი მდგომარეობა.

„პრესის თავისუფლების მკვეთრი დაღმასვლა“ – საქართველოზე სწორედ ამ სახელწოდების თავშია საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, 2024 წელს საქართველოში მედიის თავისუფლების მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესდა, რამაც ანგარიშის ავტორების მიხედვით, კიდევ უფრო მეტად დააშორა ქვეყანა დემოკრატიული ღირებულებებისგან და საბოლოოდ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს შეუშალა ხელი. დოკუმენტში მიმოხილულია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, კენჭისყრის დღესა და პოსტსაარჩევნო პერიოდში განვითარებული პროცესები, რაც ანგარიშის ავტორი პარტნიორი ორგანიზაციების თანახმად, აჩვენებს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლება მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში სერიოზული წნეხის ქვეშაა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების დღეს, სულ მცირე, 70 ჟურნალისტი სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში გაშუქების პროცესში ხელი ეშლებოდათ კრიტიკულ მაუწყებლებს. მათ შორისაა დასახელებული ტელეკომპანია „მთავარი არხი“, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ ეთერში მმართველი პარტიის პოლიტიკური რეკლამების, მათ შორის უკრაინის ომის ამსახველი პროპაგანდისტული კადრების განთავსებაზე უარის თქმის გამო დააჯარიმეს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2023 წლის ჯამურ მონაცემებთან შედარებით, პლატფორმაზე ე.წ. „საგანგაშო სიგნალები“ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ეს მაჩვენებელი, ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მაღალია უკრაინაში, სადაც ჟურნალისტთა უფლებები ძალადობრივად მეტწილად დარღვეულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან ჩადენილი დანაშაულები კრემლის სამხედრო ძალებს მიაკუთვნეს. უკრაინას მოჰყვება რუსეთი, თურქეთი, სერბეთი და საქართველო. როგორც ანგარიშის ავტორები განმარტავენ, რუსული ქსელები და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები საქართველოში, განსაკუთრებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ავრცელებდნენ დეზინფორმაციასა და კონსპირაციულ თეორიებს, რომელთა მიზანი პროევროპული ჯგუფების დისკრედიტაცია იყო. ანგარიშში საუბარია საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომლებიც, როგორც მისი ავტორები განმარტავენ, საფრთხეს უქმნიან პრესისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. კანონებს შორის დასახელებულია ე.წ. „გამჭვირვალობის“, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ 2024 წელს მიღებული კანონებიც. ანგარიშის ავტორები „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს 2013 წელს რუსეთში მიღებულ „ანტი-ლგბტქ+“ კანონს ადარებენ და მას გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხისშემცველს უწოდებენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ მსგავსი რეგულაციები ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოშიცაა მიღებული „დეზინფორმაციასთან, ტერორიზმთან, სიძულვილის ენასთან და უფლებათა დაცვის საბაბით“, თუმცა რეალურად საფრთხეს უქმნის ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თავისუფალ საქმიანობას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის განმავლობაში ევროპის მასშტაბით ჟურნალისტთა ხელშეუხებლობის პრინციპისა და მათი ფიზიკური უსაფრთხოების ხელყოფის 78 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 8 საქართველოზე მოდის. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული 2024 წლის გაზაფხულზე ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო და გასული წლის 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციებისას ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლაზე, როდესაც საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აკავებდნენ და აჯარიმებდნენ მედიის წარმომადგენლებს.

დოკუმენტის ერთ-ერთი ქვეთავი ეხება აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვსა და მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს. ანგარიშის ამ ნაწილში ნათქვამია, რომ „ერთ დროს დევნილი ჟურნალისტებისთვის საქართველო უსაფრთხო ადგილი იყო, ახლა კი მათთვის უფრო და უფრო საფრთხისშემცველი გახდა“.

საქართველოზე საუბრისას, „ჟურნალისტთა უსაფრთხოების“ პლატფორმის პარტნიორი ორგანიზაციები გასცემენ კონკრეტულ რეკომენდაციებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჭიროა სასწრაფო მოქმედება, არსებული ტენდენციების შესაცვლელად, რათა დაცული იყოს მედიის თავისუფლება, საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მისწრაფებებისადმი.

იქიდან გამომდინარე, რომ ანგარიში 2024 წლის მონაცემებს ასახავს, მასში ვერ მოხვდა ავტორიტეტიანი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმე, რომელიც 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. ასევე, ანგარიშში ვერ მოხვდა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მედიის წარმომადგენელთა დაჯარიმების შემთხვევებიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend