აშშ-ში ფერმერები შესაძლოა მილიარდობით დოლარით დაზარალდნენ იმ ტარიფების გამო, რომლებიც მექსიკას, კანადასა და ჩინეთს დაუწესეს. დაზარალდებიან მომხმარებლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და საქონლის ხორცის გაძვირების გამო.
თუმცა, ფერმერებმა ზარალი შესაძლოა მხოლოდ მომდევნო მოსავლის აღებისას იგრძნონ, მომხმარებლებისთვის კი ზოგიერთი პროდუქტი, ექსპორტის ვარდნის შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში უფრო იაფი გახდეს.
„ჩვენ ვაწარმოებთ იმ პროდუქტს, რომელსაც ზამთრის ბოსტნეულს ვუწოდებთ. ამ რეგიონში მოჰყავთ ფოთლოვანი მწვანილები. შარშან ჩვენ 100 წლის იუბილე აღვნიშნეთ. მე კალიფორნიელი ფერმერების მეოთხე თაობის წარმომადგენელი ვარ. ჯერჯერობით ტარიფების პირდაპირი გავლენა არ გვიგრძნია. მე ვესაუბრე ჩემს რამდენიმე კოლეგასა და მეგობარს, რომლებსაც მექსიკასთან სავაჭრო ურთიერთობა აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ დღეს ან ხვალ ოდნავ მეტის გადახდა მოუწევთ. თუმცა, ზუსტად არ იციან, რა გავლენა ექნება ამ ცვლილებებს. ამჟამად ბოსტნეულის წარმოების ინდუსტრიასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, რაიმე ცვლილება არ გვიგრძნია”, – ამბობს ფერმერი ჯეკ ვესი.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა ფერმერებს მნიშვნელოვანი კომპენსაცია გამოუყოს, როგორც ეს ჩინეთთან სავაჭრო ომის დროს გააკეთა თავისი პირველი ადმინისტრაციის პერიოდში, რათა ნაწილობრივ შეუმსუბუქოს მათ დანაკარგი.
კონგრესისადმი სამშაბათს, 4 მარტს, წარმოთქმულ სიტყვაში ტრამპმა აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო იმპორტი ამერიკელ ფერმერებს აზიანებს და მათ მხარდაჭერას დაჰპირდა. იგი ცდილობს, მათ დაცვას, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს დამატებითი ფინანსური დახმარება არც უხსენებია.
თუ ტარიფების გამო ფერმერები ძვირადღირებულ ტრაქტორებს აღარ შეიძენენ, მომხმარებლები კი პროდუქტებზე ფასის ზრდის გამო დანახარჯს შეამცირებენ, ეს მთლიანად ეკონომიკას დააზარალებს და შესაძლოა, რეცესიაც კი გამოიწვიოს.