კატეგორიები

„ქართულმა ოცნებამ“ სადავო საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

„ქართულმა ოცნებამ“ სადავო საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

84 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – 4 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ პლენარულ სხდომაზე ამერიკული FARA-ს, ანუ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონპროექტის ქართული ანალოგი პირველი მოსმენით მიიღო.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, მათ სიტყვა-სიტყვით თარგმნეს აშშ-ისთვის შექმნილი კანონი, ზუსტი ტერმინოლოგიის დაცვით. ეს იმიტომ რომ 1938 წელს შექმნილმა FARA-მ მასობრივი პროტესტის ფონზე მიღებული ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონი ჩაანაცვლოს. 1 წლით ადრე, 2023 წლის მარტში, როდესაც სადავო კანონის მიღებაზე პირველად დაიწყო საუბარი, „ქართული ოცნების“ მაშინდელი თავმჯდომარე და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი აცხადებდა: „ამერიკული კანონი სრული კატასტროფაა, ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით”.  ირაკლი კობახიძის ამ განცხადებიდან ორი წლის თავზე  „ქართულმა ოცნებამ“ მიდგომა შეცვალა. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონი სათანადო სიმკაცრით ვერ მუშაობს.

„როგორც ამერიკელ ხალხს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, არანაკლები უფლება აქვს ქართველ ხალხსაც, რომ გააძლიეროს საკუთარი სუვერენიტეტი, თავისი დამოუკიდებლობა. ამასთან, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვის მიერ ჩარიცხული თანხები სად ირიცხება, ვინ მოიხმარს ამ ყველაფერს და საბოლოოდ, რა მოქმედებებში ტრანსფორმირდება“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას 4 მარტს მხოლოდ რამდენიმე კითხვა დაისვა პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით შესული და ახლა უკვე საპარლამენტო ოპოზიციაში მყოფი „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებისგან. მაგალითად, ისინი დაინტერესდნენ, რა მოხდება მაშინ, თუკი არც ამ კანონის ფარგლებში დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები სპეციალურ რეესტრში. მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ ასეთ შემთხვევებს ინდივიდუალურად განიხილავენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

FARA აშშ-ში 1938 წელს ამოქმედდა და მისი მთავარი ფუნქცია ნაცისტურ პროპაგანდასთან გამკლავება იყო. თავდაპირველად კანონის აღსასრულებლად სისხლის სამართლებრივი დევნაც გამოიყენებოდა, თუმცა 1966 წლიდან მხოლოდ სამოქალაქო სახდელები და ნებაყოფლობითი რეგისტრაციაა გათვალისწინებული.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ FARA-ს ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მხოლოდ იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ფულის გათეთრებასთან, თაღლითობასთან, სანქციების თავიდან აცილებასთან, საარჩევნო კამპანიის დროს უკანონო შემოწირულებებთან, მოსყიდვასთან, ტერორიზმსა და მტრულად განწყობილ უცხოურ ძალებთან.

საქართველოში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი „ქართული ოცნების“ ხელში იქნება ბერკეტი ქვეყანაში კრიტიკული და განსხვავებული ხმის ჩასახშობად.

83 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი – ხმათა ამ რაოდენობით „სისხლის სამართლის კოდექსში“ 2007 წლის საგაზაფხულო სესიისას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამოღებული 307-ე პრიმა მუხლი დაბრუნდა, რომელიც „სახელმწიფოს ღალატს“ განსაზღვრავდა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მტკიცებით, ეს მუხლი იმდროინდელმა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის თავიდან ასარიდებლად ამოიღო.

იურისტების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს. მაგალითად, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ იურისტი თათია კონიაშვილი ამბობს, რომ ამ ცვლილებით, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი სამშობლოს მოღალატეებად მიზანმიმართულად გამოაცხადოს.

4 მარტის პლენარულ სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ კენჭი უყარა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებსაც. მათი ერთი ნაწილის თანახმად, ტელე და რადიომაუწყებლებს აეკრძალებათ უცხოური დაფინანსების მიღება. ამ ცვლილებას მმართველი ძალა ასაბუთებს იმ მოტივით, რომ „უცხოური დაფინანსებისას მასმედია უცხოური ორგანიზაციის ინტერესების გამტარებლად ყალიბდება“.

ცვლილებათა მეორე პაკეტის თანახმად, ტელე და რადიომაუწყებლებს ფაქტების ჯეროვანი სიზუსტისა და სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის მიმართულებებით, ახალი შეზღუდვები უწესდებათ. ამასთან, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ახალი ამბების გაშუქების დროს „სამართლიანობისა“ და „მიუკერძოებლობის“ პრინციპებს არ დაიცავენ.

კომუნიკაციების კომისიისთვის უფლებამოსილების ზრდას უფლებადამცველთა ნაწილი ეწინააღმდეგება, რადგან მათი შეფასებით, ეს ორგანო არ არის დამოუკიდებელი. კანონის მოწინააღმდეგეები ხაზს უსვამენ იმ ფაქტსაც, რომ კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი კახი ბექაური ევროპარლამენტის 13 თებერვლის რეზოლუციაში მოხსენებულია, როგორც „ქართული ოცნების“ „პოლიტიკის ხელშემწყობი“.

4 მარტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი დეპუტატი სოზარ სუბარი სოციალური ქსელების რეგულაციის ინიციატივითაც გამოვიდა.

„დღეს, საზოგადოებრივ აზრზე ტელევიზიაზე, რადიოზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. სოცქსელები დღეს ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და ძალიან კარგი იქნება, ამ სფეროში რეგულირებაზეც დავიწყოთ მუშაობა, რომ ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, რომ შეურაცხყოფა იყოს დასჯადი“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით აგრძელებს კანონპროექტებისა და საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები