კატეგორიები

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებები

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებები

„დიფ სთეითის საწინააღმდეგო კანონები“ – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მე-11 მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო სესიის მეოთხე სამუშაო კვირას დარეგისტრირებული კანონპროექტები. საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები „ქართული ოცნების“ გარდა „ხალხის ძალაც“ არის, ის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში „ქართული ოცნების” კვოტით შევიდნენ, ახლა კი ამბობენ, რომ ოპოზიციაში არიან. უკვე ცნობილია, რომ 2024 წლის გაზაფხულზე, მასშტაბური ქუჩის პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ფონზე მიღებულ ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონს „ქართული ოცნება“ ამერიკული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტით“ ანაცვლებს.

24 თებერვლის ბიუროს სხდომაზე ითქვა, რომ ახალი კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი FARA-ს სიტყვასიტყვითი თარგმანია, სადაც უცვლელადაა გადმოტანილი მათ შორის სახელმწიფო უწყებების სახელწოდებები და სამართლებრივი ტერმინოლოგია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განმარტებით, იურიდიულ კომიტეტს დაევალება, არსებული უზუსტობები ქართულ კანონმდებლობას შეუსაბამოს. კანონის შინაარსისა და მკაცრი რეგულაციების შესახებ არსებული პრეტენზიების შემთხვევაში კი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დაინტერესებულ მხარეებს კანონის ავტორ სახელმწიფოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამისამართებს.

„ნებისმიერი სპეკულაცია, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რაც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს და არა „სახელმწიფო წესრიგის უზრუნველყოფისთვის“, როგორც ამას თავად მმართველი ძალის წარმომადგენლები განმარტავენ.

„ამ კანონის ერთადერთი მიზანია, გავრცელდეს ყველა ის არასამართლიანი პრინციპი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სურს. მათ შორისაა, ამ პრინციპების გავრცელება კერძო პირებზე, სამოქალაქო სექტორზე, შპს-ის ფორმით დაარსებულ ორგანიზაციებზე იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას არ მისცეს საშუალება, თავი აარიდოს იმ ეფექტს, რომელსაც არსებული [ე.წ. „გამჭვირვალობის“] კანონი იწვევს“, – განაცხადა „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა.

ამერიკული „ფარას“ ქართულენოვანი ვერსიის გარდა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დღის წესრიგში მოხვდა კანონშემოქმედებით პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების თანამონაწილეობის აკრძალვაც. ამ ინიციატივის შესახებ ჯერ კიდევ 5 თებერვალს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და დასძინა, რომ საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი პოლიტიკური ნაბიჯების გამო მათსა და მმართველ ძალას შორის თანამშრომლობა ისედაც გაწყვეტილია, თუმცა სამართლებრივ დონეზე მსგავსი რეგულაციების დაწესება დემოკრატიისთვის სახიფათო პრეცედენტია.

„ყოველდღიურად ვხედავთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ როგორი მტრულია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, როგორც საკანონმდებლო, ისე რიტორიკისა თუ პროპაგანდის თვალსაზრისით. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მუდმივი თავდასხმის ობიექტები ხდებიან. სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, რა ფორმატებიც არსებობდა, მაშინაც ორმხრივ ურთიერთობებს მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, როდესაც არანაირი არსებითი რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული. ახალი რეგულაციებით „ქართული ოცნება“ ცდილობს,  ყველანაირად შეზღუდოს დამოუკიდებელი ხმა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა“, – თქვა საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

კანონპროექტთა შორის 24 თებერვლის ბიუროს სხდომაზე აღმოჩნდა მედიასთან დაკავშირებული დაგეგმილი ცვლილებებიც. „ქართული ოცნების“ ინიციატივის თანახმად, ის რაც აქამდე თვითრეგულირებას ექვემდებარებოდა, ახლა უკვე კანონის დონეზე დამატებით კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებაც გახდება. მიზეზი, როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, სწორედ თვითრეგულირების მექანიზმში არსებული ხარვეზებია, რაც „ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებით, საბოლოოდ მედიის სტანდარტებზე აისახებოდა. ინიციატივის ავტორების თანახმად, იზღუდება მედიასაშუალებების უცხოური დაფინანსებაც. მმართველ პარტიაში საუბრობენ კანონის მიზნებზეც – დაიცვან მოქალაქეები დეზინფორმაციისა და იმ გავლენებისგან, რაც, მათი მტკიცებით, „უცხოეთიდან დაფინანსებას მოჰყვება“.

მედიასთან დაკავშირებული ცვლილებები უკვე არსებულ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის. მედიაექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივების მიღმა რეალურად სხვა მიზანი იკვეთება – შეიზღუდოს თავისუფალი სიტყვა, განსხვავებული აზრი და დაიხუროს კრიტიკული მედიასაშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ კანონს „ბრიტანულის ანალოგს“ უწოდებს, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, კომუნიკაციების კომისია მმართველი ძალის გავლენების ქვეშაა მოქცეული, რაც საშუალებას მისცემს მას, საკუთარი ბერკეტი მედიასაშუალებებზე პოლიტიკურ ზეწოლად აქციოს. ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებზე „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში პოლიტიკისა და მედიის ექსპერტმა ლაშა ტუღუშმა ისაუბრა.

„მარტივად უნდათ „აწესრიგონ“, „არეგულირონ“, აკონტროლონ და „მოათვინიერონ“ მედია იმისათვის, რომ მათ [„ქართული ოცნების“] იმიჯზე იმუშაონ. განსაკუთრებული პრობლემები ექნებათ რეგიონულ მაუწყებლებს, რადგან მათზე მოდის უცხოური დაფინანსების მნიშვნელოვანი წილი. ეს დაფინანსება უაღრესად მნიშვნელოვანია მედიისთვის – ეს გულისხმობს ტექნიკურ მხარდაჭერას, ინტელექტუალურ მხარდაჭერას, განათლების ნაწილში მხარდაჭერას, რადგან ჩვენი მედიასივრცე ამას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს“, – 27 თებერვალს განაცხადა პოლიტიკისა და მედიის ექსპერტმა ლაშა ტუღუშმა ევრონიუს ჯორჯიას ეთერში.

„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი ინიციატივით, საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ამოღებული იქნება ტერმინები „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“. ამასთან, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს სახელწოდება შეეცვლება და მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონი დაერქმევა.

უფლებადამცველებიც და ექსპერტებიც აცხადებენ, რომ პარლამენტს ვერაფერი შეუშლის ხელს, არსებული კანონპროექტები კანონად აქციოს, რადგან „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი რაოდენობის დეპუტატი ჰყავს და არ ჰყავს მოწინააღმდეგე, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს ხელს შეუშლის.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები