კატეგორიები

„საქართველო და ევროკავშირი: საით ახლა?“

„საქართველო და ევროკავშირი: საით ახლა?“

რა ბედი ელის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას და დარჩა თუ არა გზა, აღდგეს სვლა ევროპული მომავლისკენ? ამ საკითხის ირგვლივ იმსჯელეს სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა, გაფართოებულ კონფერენციაზე სახელწოდებით – „საქართველო და ევროკავშირი: საით ახლა?“

შეხვედრის ორგანიზატორები „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიდან“ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდიდან“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო წლების რიტორიკა, პოლიტიკური თუ სამართლებრივი ნაბიჯები მიმართულია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს წინსვლის შეფერხებისკენ. მათივე თქმით, პოლიტიკის გადატვირთვის რესურსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში ჯერ კიდევ დარჩენილია და უკიდურესი პესიმისტური მდგომარეობა ჯერ არ არის, თუმცა მმართველი გუნდის მხრიდან მათ პოზიტიური ქმედებების მოლოდინი აღარ აქვთ.

„„ქართული ოცნება” მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ გაანადგუროს სამოქალაქო სექტორი, ადამიანების დემორალიზება მოახდინოს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირს მაქსიმალურად დავშორებოდით. ადამიანები ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და აჩვენებენ, რომ ქართული საზოგადოება არ შეეგუება იმას, რომ საქართველომ გადაუხვია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას. ვიტყოდი, სწორედ ის ადამიანები არიან ჩვენი სინდისი, რომლებიც ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე დგანან იმის დემონსტრირებისთვის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და არ შევეგუებით იმას, რასაც „ქართული ოცნება“ დღეს აკეთებს“,- განაცხადა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორმა თამარ ხიდაშელმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები „ქართული ოცნების“ კრიტიკისას ახსენებენ ბოლო პერიოდში მიღებულ და დაანონსებულ კანონებს, მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მტრად შერაცხვისა თუ დასჯის შესახებ და მედიის კონტროლის კანონის მიღებას. მათი განცხადებით, ეს კანონები „ქართული ოცნების“ ავტოკრატიული მმართველობის გამყარებასა და დემოკრატიის ხმის განადგურებას ისახავს მიზნად და ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით მხოლოდ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს.

„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ გაუარესებულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას. ამ ფონზე საუბარი იმაზე რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი რაიმე ფორმით გადარჩეს, საეჭვოა. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოსახლეობის ნება იქნება გათვალისწინებული და ჩატარდება ახალი არჩევნები, რომელიც ამ კრიზისს დაასრულებს. ახლა ჩვენ ვართ როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ მწვავე კრიზისში. ამ კრიზისიდან გამოსავალი კი შეიძლება იყოს ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში“, – განაცხადა  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

კონფერენციის მონაწილეთა დიდი ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ახლა საქართველოში პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივი კრიზისიცაა და თან მწვავედ. აანალიზებენ, რომ „ქართული ოცნება“ პოზიტიური ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად კიდევ უფრო რეპრესიული კანონების მიღებას გეგმავს. ამ ფონზე მთავარ გამოსავლად უწყვეტი პროტესტი, გარე და შიდა ზეწოლა და საბოლოო ჯამში ახალი არჩევნების დანიშვნა მიაჩნიათ.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები