რუსეთის დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, ევროკავშირი მზადაა, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ, ქართველ ახალგაზრდებს დღეში 120 ევრო გადაუხადოს.
ასევე, მოსკოვის ინფორმაციით, ევროკავშირი პროექტის – Georgian Youth for Europe ფარგლებში აპირებს, შესთავაზოს 50 000-მდე ევროს ოდენობის გრანტი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დასავლეთისადმი ლოიალურები იქნებიან.
რუსეთის დაზვერვის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი „ყველაფრის ფასად მზადაა, დაიბრუნოს საქართველო დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე“.
კრემლის მტკიცებით, „ბრიუსელის ბიუროკრატიას არ შეუძლია, დაუშვას სამხრეთ კავკასიაში დასავლური გავლენების დაკარგვა“. განცხადებაში დასახულნი არიან ოპოზიციური პარტიები – „ახალი“, „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, რომლებსაც, მოსკოვის განმარტებით, ევროკავშირი ავალდებულებს, „ერთიან ძალად იქცეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“.
რუსეთის დაზვერვის სამსახურში ამბობენ, რომ ბრიუსელი მუშაობს, რათა ჩამოაყალიბოს ანტისამთავრობო განწყობები „მეტ ნაკლებად დინამიკურ ახალგაზრდებს შორის“. მათ შორის ნახსენები არიან ბლოგერები, ჟურნალისტები, კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ საქართველოში არსებობენ „ბრიუსელს დაქვემდებარებული“ მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თითქოს „ტვინის რეცხვაზე“ მუშაობენ.
„თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობას მნიშვნელოვანი სახსრები გადაეცა მანიფესტაციების შენარჩუნებისთვისა და კოორდინაციისთვის. დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითოეული მონაწილისთვის დღიური “სამუშაოსთვის” 120 ევროს გადახდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ ძირგამომთხრელი აქციების დაფინანსების ევროკავშირის არხების დაბლოკვის მცდელობების შემთხვევაში, მუშავდება სომხეთში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებიდან თბილისში ნაღდი ფულის ჩატანის ვარიანტი”, – ნათქვამია რუსეთის დაზვერვის განცხადებაში.
