კატეგორიები

„ქართულმა ოცნებამ“ ამერიკული FARA-ს „ქართულენოვანი ვერსია“ პარლამენტში დაარეგისტრირა

„ქართულმა ოცნებამ“ ამერიკული FARA-ს „ქართულენოვანი ვერსია“ პარლამენტში დაარეგისტრირა

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ სახელწოდებით კანონპროექტი დაარეგისტრირა.

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა თქმით, ინიციირებული კანონის პროექტი ამერიკული FARA-ს „სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტია“. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, რომ ყველა ის ტერმინოლოგია, რომლებიც ქართულ საკანონმდებლო და სამართლებრივ ჩარჩოებს არ შეესაბამება, დაკორექტირდება.

„კანონს მხოლოდ ერთი – „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება ახლავს თან და დანარჩენი საკანონმდებლო აქტების პროექტი თანდართული არ არის. ჩვენ ქართულ სინამდვილეში მსგავსი საკანონმდებლო აქტი გვაქვს და თუ მიზანი აღნიშნული საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაა, ამ საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაზეც კანონპროექტი უნდა იყოს თან დართული“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და პლენარულ სხდომებზე მოსმენისას უნდა გადაწყდეს ის აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც კანონის აღსრულებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში პარლამენტი კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ „დამატებით ორგანოებსაც განსაზღვრავს“.

ცნობილია, რომ დამტკიცების შემდეგ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონი ზუსტად იმ ფინანსურ და სამართლებრივ სასჯელს ითვალისწინებს, რომელიც აშშ-ში მოქმედებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, კანონთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის ნიშნის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირებმა FARA-ს კანონის ავტორებს უნდა მიმართონ.

„ნებისმიერი სპეკულაცია რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რაც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამერიკული FARA-ს „ქართულენოვანი ვერსიის“ მიღებისა და 2024 წლის გაზაფხულზე, მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე მიღებული ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის გაუქმების შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს განაცხადა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები