კატეგორიები

ახალბედა დედების უმრავლესობას შვილის ძუძუთი კვების სურვილი აქვს

ახალბედა დედების უმრავლესობას შვილის ძუძუთი კვების სურვილი აქვს

პედიატრები ამბობენ, რომ ახალბედა დედისთვის ძუძუთი კვება ხშირად ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მათ წარმოედგინათ.

„ტიმოთი არის ერთი თვის. ორსულობის პერიოდში ვცდილობდი, რომ ლაქტაციასთან დაკავშირებით მაქსიმალურად მომეძია ინფორმაცია, რადგან მინდოდა, რომ ექსკლუზიურად ძუძუზე ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წავიკითხე, სხვადასხვა სახის ვიდეოებს ვუყურე, რეალობა უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე ველოდი, გადავაწყდი გარკვეულ დაბრკოლებებს. თავიდან ვცდილობდი ჩემით გავმკლავებოდი ამ სირთულეებს, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ჩემით ვეღარ ვახერხებდი, დავიწყე დახმარების მოძიება“, – ამბობს სოფო ბაბილუა.

სოფოს მსგავსად ბევრი ახალბედა დედისთვის ძუძუთი კვება ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. სოფომ დახმარებისთვის მიმართა ლაქტაციის კონსულტანტ ანა ბიგანაშვილს, რომელმაც შესაბამისი განათლება და გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. საქართველოში ჩამოსვლის შემდე კი, გადაწყვიტა გამოცდილება ქართველი დედებისთვის გაეზიარებინა.

„ჩემი ინსპირაცია, რა თქმა უნდა, საკუთარი გამოცდილება იყო. აშშ-ში ვიმშობიარე ხუთი წლის წინ და მეც როგორც ყველა ბევრ ჩემს პაციენტს მქონდა ლაქტაციასთან დაკავშირებული პრობლემები. პირველად ლაქტაციის კონსულტანტი ვნახე სამშობიაროში. გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე გაგებულიც არ მქონდა მსგავსი პროფესიის არსებობის და ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი, გადავწყვიტე მე ვყოფილიყავი ეს ადამიანი“, – ამბობს ანა ბიგანიშვილი.

ანა ბიგანაშვილი თქმით, გამოწვევები ძირითადად დაკავშირებულია ჰიპერლაქტაციასთან, ⁠რძის წარმოქმნის დეფიციტთან, ⁠ბოთლით კვების, გამოწველის სირთულეებსა და ⁠დვრილების დაზიანებასთან. ხშირ შემთხვევებში კი ახალბედა დედებისთვის, რომლებიც უკვე გადაღლილები არიან, ეს დაბრკოლებები დამატებით მენტალურ პრობლემებს იწვევს.

„დედების უმრავლესობა მოუმზადებელი ხვდება ამ პროცესს და მათთვის მოულოდნელია ის გართულებები, რომლებიც ხვდებათ ხოლმე ლაქტაციის პროცესში. ქალის ორგანიზმი ცხრა თვის განმავლობაში ემზადება ახალი სიცოცხლის მოსავლენად. შესაბამისად, მისი ორგანიზმი ბევრ ცვლილებას განიცდის. მშობიარობის შემდეგ გარკვეული დრო და თვეებიც არის ხოლმე საჭირო ძველ ფორმაში დასაბრუნებლად. ამიტომ ხშირად ეს პროცესიც გაუაზრებელია და მოლოდინი არსებობს, რომ ყველაფერი მალე უნდა დალაგდეს, რაც სხვადასხვა ტიპის მენტალურ პრობლემებს იწვევს“, – ამბობს ლაქტაციის კონსულტანტი.

ანას სჯერა, რომ ამ გამოწვევებთან გამკლავება სწორი მიდგომებითაა შესაძლებელი. ამისთვის კი კვების რეჟიმისა და კვების პოზიციის კონტროლია საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია ახალშობილის პირის ღრუს შეფასებაც – კერძოდ, როგორ მოძრაობს ენა, რა პოზიციაშია ტუჩები და ლოყები.

პედიატრების თქმით, ხშირ შემთხვევებში მშობლებს შეგრძნება უჩნდებათ თითქოს ბავშვს რძე არ ყოფნის და დანამატის მიცემაა საჭირო. თუმცა პედიატრი ლია ბუღაძე მიიჩნევს, რომ თავად ბავშვი განსაზღვრავს რამდენჯერ და რა სიხშირით უნდა მიიღოს რძე.

„თუკი ბავშვი იმატებს წონაში და მშობელმა ეს პედიატრისგან იცის, ე.ი. მას ყოფნის რძე და დამატება არ სჭირდება. ძირითადად, სტატისტიკურად ცნობილია, რომ 3-4 პროცენტი არის ის, რომ რეალურად შეუძლებელია, დედამ მოაწოვოს ბავშვს ძუძუ. დანარჩენი მიზეზი ყველა მოგვარებადია“, – ამბობს პედიატრი ლია ბუღაძე.

პედიატრების თქმით, ბოთლით საკვების მიღება წონის მატებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ის სწორი ფორმით უნდა იყოს მიწოდებული. არსებობს საფრთხე, რომ ბოთლით კვების შემთხვევაში ბავშვმა ძუძუზე უარი თქვას, რადგან ბოთლით მას საკვები უფრო მარტივად მიეწოდება.

„დედის რძე შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან სუბსტანციებს, როგორიც არის ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, მინერალები. საოცარია, რომ მათი შემცველობა ბავშვის ზრდასთან ერთად იზრდება. როგორც დედის ორგანიზმში რძე რაოდენობრივადაც მატულობს, ასევე მატულობს შემადგენელი ნაწილებიც, პროცენტულად იზრდება.  ის, რაც ბავშვის განვითარებას ასაკის შესაბამისად სჭირდება“, – ამბობს ლია ბუღაძე.

დედის რძის მნიშვნელობაზე საუბროს ანა ბიგანიშვილიც. მისი თქმით, ძუძუთი კვებას დადებითი გავლენა აქვს დედებზეც.

„დედებში ამცირებს ძუძუს და საკვერცხე კიბოს განვითარების რისკებს, სხვადასხვა მეტაბოლური განვითარების რისკს, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი აზრით, ის აძლიერებს კავშირს მშობელსა და ბავშვს შორის“, – ამბობს ანა ბიგანიშვილი.

პედიატრების თქმით, საქართველოში ახალბედა დედების მიმართ ოჯახისგან ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით არსებობს დამატებითი წნეხიც, რაც მშობლის მენტალურ ჯანმრთელობაზე და შესაბამისად ბავშვზეც უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ პედიატრებს მიაჩნიათ, რომ მშობლები ძუძუთი კვების პროცესს მომზადებული უნდა შეხვდნენ. პედიატრების თქმით, დღეს საქართველოში დედების უმრავლესობას შვილის ძუძუთი კვების სურვილი აქვს, რაც ძალიან კარგი ტენდენციაა. თუმცა ამ მზაობასთან ერთად მათი თქმით, მშობლების სათანადოდ ინფორმირება, ხოლო პრობლემების შემთხვევაში მათი დროულად აღმოჩენა და შესაბამისი დახმარების მიღებაა საჭირო.

ავტორი: თორნიკე კოპლატაძე

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები