„ქართული ოცნება” გეგმავს, მიიღოს ცვლილებები კანონში „გრანტების შესახებ”, რომლითაც შეიცვლება სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების მთელი რიგი წესები.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ქართული საქმის კეთებისთვის სახელმწიფო თავად დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს.
სახელმწიფო საგრანტო პროგრამის შესახებ „ქართული ოცნების” გუნდმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა. ახლა კი, იწყებენ მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე.
17 თებერვლის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
„ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები კვალიფიციურ კრიტიკულ ოპონირებას გაუწევენ სამთავრობო უწყებებს.
„რასაკვირველია, ეს დაფინანსება არ იქნება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პარტიულ საქმიანობაში არიან ჩართული და მხოლოდ ამ საქმიანობის კუთხით მოღვაწეობენ, ქვეყნის ჩართვა უნდათ ხან ომში და ხან რევოლუციურ პროცესებში. ვერანაირი ფონდი ვერ დააფინანსებს ისეთ ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ამოცანას, სიცრუის ორგანიზება მოხდეს. ეს ნარატივი მას შემდეგ შეიცვალა, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გამოავლინა მთელი რიგი დანაშაული დაფინანსებაში. ზოგი ვერ ხედავს, მსოფლიოში რა პროცესები მიმდინარეობს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას ისევ აპირებს. არ შეიძლება, ფონდი აფინანსებდეს ისეთ ღონისძიებას, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ გარკვეული ჯგუფი მომზადდეს, ვინც უკეთ ისვრის „მოლოტოვის კოქტეილს“. ამ ქვეყანაში დუმილი არ არსებობს და თავისუფლებაა იმისგან განსხვავებით, რაც 2012 წლამდე გვქონდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების” ოპონენტებსა და უცხოური გრანტებით დაფინანსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მმართველი პარტია ცდილობს, მათგან უკონტროლო ორგანიზაციების ჩახშობას და მთავრობასთან აფილირებული ორგანიზაციების, ე.წ. GONGO-ების მხარდაჭერას.