საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დაამტკიცა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც ხუთი ძირითადი პრიორიტეტისგან შედგება.
„2025 წელს კომიტეტი მნიშვნელოვან დროს დაუთმობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებასა და ასოცირების შეთანხმებაში არსებული ვალდებულებების შესრულებას. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია სექტორული მიმართულებებით კანონპროექტების მიღება, რომლის საფუძველზეც საქართველოში დაინერგება ევროკავშირის სტანდარტები.
საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, კომიტეტი მონიტორინგს გაუწევს ასოცირების შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას. ამასთანავე, დაგეგმილია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებისა და დამტკიცებული საკანონმდებლო აქტების აღსრულების ზედამხედველობა.
აგრეთვე, კომიტეტის საქმიანობის 2025 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია საკომიტეტო მოსმენები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და სხვა”, – წერია კომიტეტის მიერ დამტკიცებულ გეგმაში.
სამოქმედო გეგმის თანახმად, კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი საპარლამენტო დიპლომატიის გზით ქვეყნის ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერის მობილიზება იქნება, რაც გულისხმობს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და კანდიდატ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებებში მონაწილეობას.
„კომიტეტი ყურადღებას დაუთმობს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას, ასევე ევროკავშირში წევრობის საკითხზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირებას”, – აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.