მთავარიევროპაუნგრეთი„გიჟური იდეები და ადამიანები“ - ორბანის დაახლოება რადიკალ მემარჯვენეებთან

„გიჟური იდეები და ადამიანები“ – ორბანის დაახლოება რადიკალ მემარჯვენეებთან

მრავალწლიანი დისტანციის შემდეგ ვიქტორ ორბანი გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრს, კანცლერობის კანდიდატს, ალის ვაიდელს შეხვდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში უნგრეთის მთავრობამ მრავალ პოპულისტ, რადიკალ ან ულტრამემარჯვენე ლიდერთან დაამყარა მჭიდრო კავშირი – საფრანგეთში მარინ ლე პენთან, იტალიაში მატეო სალვინისთან, ასევე ბოსნიელი სერბების ლიდერთან მილორად დოდიკთან. თუმცა დღემდე გერმანელი ულტრამემარჯვენეების საკითხი ტაბუდადებული თემა იყო. შესაბამისად, „ორბანს გერმანიაში არჩევნების წინ მხოლოდ საკუთარი ინიციატივით არ შეეძლო „ეი-ეფ დის“ ლიდერს შეხვედროდა”,  – აცხადებენ უნგრელი ავტორიტეტული ექსპერტები.

„უნგრეთის მთავრობა და თავად ვიქტორ ორბანიც დონალდ ტრამპის მაგალითებით ხელმძღვანელობენ. ილონ მასკმა, ფაქტობრივად, მაგალითი აჩვენა „ეი-ეფ-დის“ საჯაროდ მხარდაჭერის გამოცხადებით. ამის შემდეგ უკვე აღარაა ეს ტაბუდადებული როგორც ილონ მასკამდე იყო, ან მის გარეშე იქნებოდა“, – აცხადებს ბულჩუ ჰუნიადი, ორგანიზაცია „პოლიტიკური კაპიტალის“ პროგრამების ხელმძღვანელი.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება უნგრეთისთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. ეს იყო იმ მიზეზთა შორის, რომელთა გამოც უნგრეთი აქამდე „ეი-ეფ-დისთან“ ურთიერთობას არ ცდილობდა. მაგრამ ახლა სიტუაცია შეცვლილია.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო წლებში უნგრულ-გერმანული ურთიერთობები გაფუჭდა. ვფიქრობ, ორბანმა ასევე გაითვალისწინა, რომ გერმანიის ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მეგობრულ ნაბიჯებს არ უნდა ელოდოს. შესაძლოა, ამანაც ითამაშა როლი, რომ დაახლოებოდა ულტრამემარჯვენეებს“, – დასძენს ორგანიზაცია „პოლიტიკური კაპიტალის“ პროგრამების ხელმძღვანელი.

ორბანს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაესწრო ევროპის პატრიოტთა პოლიტიკური გუნდის ყრილობას მადრიდში, აქვს ამბიცია, რომ გააერთიანოს რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ევროპარლამენტის სამ ჯგუფში არიან განაწილებული. თუმცა „ეი-ეფ-დი“ ვერ იქნება მისი საუკეთესო მოკავშირე ამ საკითხში. ეს პარტია ექსტრემისტულმა ჯგუფმა „იდენტობა და დემოკრატიამაც“ გარიცხა მას შემდეგ, რაც „ეი-ეფ-დის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ ნაცისტური „ეს-ესის“ ყველა ლიდერი არ შეიძლება კრიმინალად მიიჩნეოდეს. თავად ორბანმა ცოტა ხნის წინ შვეიცარიულ მედიას განუცხადა, რომ „ეი-ეფ-დიში“ გიჟური იდეები და ადამიანები ჩნდებიან და მისი მოლაპარაკებები ამ პარტიასთან არ ითვალისწინებს მათთან თანამშრომლობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend