20 მილიონი ამერიკული დოლარის ექვივალენტი თანხა აღმოაჩინეს უნგრეთის ექსპრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრის საქმიანობის შესწავლისას.
საუბარია მიკლოშ სეშტაკზე, რომელიც 4 წლის განმავლობაში ეროვნული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ბუდაპეშტის მოქმედი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მას სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიისგან დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებს, რასაც ყოფილი მაღალჩინოსანი უარყოფს.
უნგრელმა სამართალდამცავებმა ფულადი კუპიურები ფერმებსა და ტყეში მოწყობილ სამალავებში აღმოაჩინეს.
ჩხრეკის შედეგების შესახებ აქტივების დაცვისა და დაბრუნების ეროვნულმა ოფისმა განაცხადა. ეს ორგანიზაცია ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობის პერიოდში კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალდებების გამოსაძიებლად შეიქმნა.
პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი დაწყებულ ღონისძიებებს „ოპერაცია განსაწმენდელს“ უწოდებს.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამართული წინასაარჩევნო კამპანიის დროს მადიარი მოსახლეობას „რეჟიმის შეცვლას“ დაჰპირდა. გამარჯვების შემდეგ კი ორბანის მმართველობის წლებში შექმნილი მრავალი სისტემისა და სტრუქტურის დემონტაჟი დაიწყო.
ვიქტორ ორბანის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს წლების განმავლობაში თან ახლდა კორუფციისა და მის უახლოეს გარემოცვაში მყოფი პირებისთვის მაღალანაზღაურებადი თანამდებობების გადაცემის შესახებ ბრალდებები. კრიტიკოსების მტკიცებით, ორბანის ახლო წრის წარმომადგენლები ასევე იღებდნენ ხელსაყრელ სახელმწიფო პროექტებს.
შეშტაკის გარდა, დანაშაულებრივი გზით გამდიდრების ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი და უნგრეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მატოლჩი. ორივე მათგანი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.
